აუდიტის სამსახური

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი მოლარეებზე: რეგულაციების დაცვაში გვეხმარებოდნენ

ზვიად ქარჩავა
კადრი ვიდეოდან/ლაივპრესი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ 6 მოლარე-კონსულტანტს ხელფასი იმიტომ გადაუხადა, რომ ისინი კოვიდრეგულაციების დაცვაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ მან მთავარი არხთან სატელეფონო საუბარში თქვა. 

მისი თქმით, კორონავირუსის გამო, ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო გახდა, თუმცა მოლარეებს კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდათ და მათ სხვა ფუნქციები შეითავსეს. 

"ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა 2019 წელს, 2020-ში დაიწყო ოპერირება, პირველი ორი თვე იყო უფასო, რომ ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, რომ ენახა ბოტანიკური ბაღი, ხოლო თებერვალში, ზუსტად არ მახსოვს თარიღი, ფასიანი გახდა. პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადდა ლოკდაუნი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყოფილიყო თავისუფალი და ყველას მისცემოდა ისევ შესაძლებლობა ესარგებლა ამ სივრცით. თუმცა იყო კოვიდრეგულაციები, რადგან კონტრაქტი ჰქონდათ ამ ადამიანებს, ჩვენ დამატებით მივანიჭეთ ეს ფუნქციები, რომ რეგულაციების დაცვაში დაგვხმარებოდა".- ამბობს ზვიად ქარჩავა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგები 14 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა. ანგარიშის მიხედვით, დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი. 

 

კომენტარები