ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

EU-ს წარმომადგენელმა ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

http://www.osce.org#sthash.b21r4tCZ.dpuf

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ცხინვალში შეხვედრა გამართა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

გარდა ამისა, ზალბერმა ასევე ისაუბრა ჟენევის დისკუსიების შესახებ.

"ადვილი არ არის ისეთი გზის პოვნა, რომელზეც დისკუსიების ყველა მხარე თანხდება. ჩვენი ამოცანაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავუადვილოთ ყოფა იმ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰუმანიტარულ საკითხებს ეთმობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ ვსაუბრობთ ძალის გამოუყენლობის შესახებ განცხადების კონკრეტულ წინადადებაზე და იმედი მაქვს, რომ მალე ამ ტექსტის მიღებას შევძლებთ. თუ გამოვა, ეს იქნება იმპულსი შემდგომი სამუშაოებისთვის", - განაცხადა ზალბერმა.

ამავე შეხვედრაზე, გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტი უტუნენმა აღნიშნა, რომ ჟენევა ერთადერთი პლატფორმაა ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. 

"თანათავმჯდომარეები ხელს შეუწყობენ, რომ დისკუსიების მონაწილეებმა საერთო ენა გამონახონ, პირველ რიგში, ეს ეხება ძალის გამოუყენლობის საკითხს. ჩვენთვის ასევე სასიამოვნო მოსასმენია თქვენი მზაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე", - თქვა ტურუნენმა.

ჰერბერტ ზალბერის განცხადებების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს. მინისტრის მოადგილესა და იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა ახლახანს დასრულდა.

კომენტარები