საკონსტიტუციო ცვლილებები

მარგველაშვილი: გადაუნაწილებელი მანდატების ბონუსსისტემა უსამართლოა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაში ჩაერთო და პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ცვლილებებით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კი გადავდივართ, მაგრამ შემოთავაზებულ სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების ბონუსსისტემა უსამართლოა.

"ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ის ერთი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე შემოხაზა, ეს არის ის ყველაზე წმინდა, დემოკრატიულ პროცესში, რომელზეც ფუნძნდება სახელმწიფო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მოსაზრებით, სწორედ ამომრჩევლის ხმების მითვისების სისტემაა ის ბონუსები, რომელიც დღეს კანონდება, როცა გადაუნაწილებელ მანდატებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია იღებს. "ამ სისტემით არ არის განცდა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცულია", - ამბობს მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილისვე განცხადებით, დღეს, როცა ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები, საქართველოს კონსტიტუციიდან "მთავარსარდლის" გაქრობა პრინციპულ პრობლემას ქმნის.

"ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერმინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც კი არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არ გამოაცხადოს ომი", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები