გიორგი მამალაძის საქმე

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიხურა

ნეტგაზეთი

მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაიხურა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, პროკურორმა სხდომის დახურვის მოთხოვნა იმით ახსნა, რომ შესაძლოა, ღია სხდომებზე, ვიდეოჩანაწერების საჯარო გამოკვლევისას, "საპატრიარქოს იმიჯი" შეილახოს, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.

ადვოკატები და თავად ბრალდებული პროცესის საჯაროობას ითხოვდნენ. მამა გიორგი მამალაძის თქმით, "ჩემი სურვილია, სხდომები იყოს ღია, დასამალი არაფერი მაქვს".

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს იურისტს ედიშერ ქარჩავასაც მიაჩნია, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომები საჯარო უნდა იყოს.

"ჩემი აზრით, სხდომა ღია უნდა იყოს და საჯარო, ვინაიდან, არ უნდა დარჩეს არანაირი კითხვის ნიშნები" - აღნიშნა ქარჩავამ.

რალდებულ დეკანოზს პროკურატურამ 26 აპრილს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, "დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან". სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე პატიმრობას.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს".

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

კომენტარები