მშენებლობა

ქუმსიშვილი: მშენებლობისთვის შეღავათის გაგრძელებით 200 მლნ-ის პროექტები დასრულდება

დიმიტრი ქუმსიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

2008 წლამდე დაწყებული მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ორი წლით 2020 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდება - აღნიშნული ინიციატივა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ცვლილება ხელს შეუწყობს ჯამში 200 მილიონიანი სამშენებლო პროექტების დასრულებას. საგადასახადო შეღავათი ამ მშენებლობებს დღგ-სგან ათავისუფლებს.

"შეღავათის დაწესების პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ 2015 წელს. დღეის მდგომარეობით, განახლდა 25 ობიექტის მშენებლობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება აღემატება 130 მილიონ ლარს. ეს ობიექტები 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ახალი ცვლილებით კი, მოსალოდნელია დამატებით 37 მშენებლობის დასრულება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 200 მლნ ლარია", - ამბობს ქუმსიშვილი.

პარლამენტმა კანონი, რომელიც ამ მშენებლობებს გადასახადისგან ათავისუფლებს 2015 წლის 20 მარტს მიიღო და ის მაშინდელი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას წარმოადგენდა. ღარიბაშვილი კანონის აუცილებლობას ასე ხსნიდა - "2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ქართულ სამშენებლო კომპანიებზე და ზოგადად სამშენებლო სექტორზე".

ამ საგადასახადო შეღავათის გახანგრძლივება პირველ რიგში იმ სამშენებლო კომპანიების ინტერესშია, რომლებიც 2018 წლის პირველ იანვრამდე ვერ ასწრებენ მშენებლობის ჩაბარებას და მოქმედი საგადასახადო შეღავათების ვადებში ვერ თავსდებიან.

კომენტარები