მშენებლობა

რამდენი შენდება საქართველოში

Reuters

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა. 2017 წელს ქვეყანაში 2.2 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის 2 922 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. 2016 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 10%-ით ნაკლებია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი სწორედ 2016 წელს აშენდა. 

რომელ რეგიონებში შენდება ყველაზე მეტი პროექტი

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით აშენებული პროექტების ფართობს, მისი 60% თბილისშია თავმოყრილი, მეორე ადგილზე 13%-ით აჭარა მოდის. 2016 წელთან შედარებით თბილისში მშენებლობების მოცულობა 20%-ით გაიზარდა.

  1. თბილისი - 1.3 მილიონი კვადრატული მეტრი, 60%
  2. აჭარა - 300 ათასი კვადრატული მეტრი, 13%
  3. ქვემო ქართლი - 122 ათასი კვარდატული მეტრი, 5.5%
  4. იმერეთი - 111 ათასი კვადრატული მეტრი, 5%
  5. შიდა ქართლი - 76 ათასი კვადრატული მეტრი, 3.5%
  6. კახეთი - 69 ათასი კვადრატული მეტრი, 3.1%
  7. მცხეთა-მთიანეთი - 52 ათასი კვადრატული მეტრი, 2.3%
  8. სამცხე-ჯავახეთი - 50 ათასი კვადრატული მეტრი, 2.2%
  9. სამეგრელო ზემო სვანეთი - 49 ათასი კვადრატული მეტრი, 2.2%
  10. გურია - 20 ათასი კვადრატული მეტრი, 0.9%
  11. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 4.7 ათასი კვადრატული მეტრი, 0.2%

2017 წლის პირველ სამ კვარტალში მშენებლობის სექტორში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 67%-ით გაიზარდა და მან $241 მილიონ დოლარს მიაღწია. 2017 წლის მეოთხე კვარტლის ინვესტიციების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ქონებისა და მომსახურების დოლარში რეალიზაციას კრძალავს. აღნიშნული რეგულაცია დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის ნაწილია და ის ძირითადად სამშენებლო და საავტომობილო ბაზრის დოლარიდან ლარში გადართვას ისახავს მიზნად. 

მთავრობამ სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით, 2020 წლამდე დღგ-სგან გაათავისუფლა 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტების განვითარება. ასეთ პროექტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი "აქსის თაუერსია", რომელსაც კომპანია აქსისი თანაინვესტირების ფონდთან პარტნიორობით აშენებს. 

კომენტარები