პლებისციტი

ზოიძე: ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება თუ არა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, "ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება თუ არაპირდაპირი წესით". მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემაზე პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

"თუ საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებზე, ტექნიკურ დეტალებზე, არ მგონია, მოსახლეობის უმეტესობას ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია, ისევე როგორც იმაზე - საპარლამენტო რესპუბლიკა გვექნება თუ საპრეზიდენტო და როგორია საპარლამენტო მოწყობა და როგორია საპრეზიდენტო. ასე რომ, არ მგონია ეს მიზანშეწონილი" - ამბობს ზოიძე.

კითხვაზე, "ანუ ეს აღელვებს პოლიტიკურ ძალებს და არა საზოგადოებას?", დეპუტატი პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა". მისი თქმით, გააჩნია კითხვის ფორმულირებას.

"თუ იქნება კითხვა - "ხალხო, პრეზიდენტის არჩევის უფლებას გვართმევენ და როგორ ფიქრობთ?", რა თქმა უნდა, გეტყვიან, რომ "არა". მაგრამ თუ ვკითხავთ - საპრეზიდენტო მოწყობა გირჩევნიათ თუ საპარლამენტო, გვიპასუხებენ საპარლამენტოს.

მოდი, ასე ვთქვათ, ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება თუ არაპირდაპირი წესით. ადამიანებს ადარდებთ ეკონომიკური კეთილდღეობა, რამდენად ეფექტიანი მთავრობა ეყოლებათ, ჯანდაცვა, პენსია და საერთოდ, ცხოვრება და თავიანთი შვილების განათლება. ეს არის ძირითადი აქცენტები და არა თითიდან გამოწოვილი პრობლემები" - ამბობს ზოიძე.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პლებისციტი ჩატარდეს. 

საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უქმდება. დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ვადები - რომელი წლიდან აირჩევს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, "რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი".

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, კონსტიტუციის პროექტით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე "შესაბამისი პირობების" შექმნის შემდეგ, პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა - რესპუბლიკის საბჭო და სენატი. იქამდე კი, "პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან".

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პროექტის თანახმად, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს მხოლოდ ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. 

კომენტარები