საქართველოს კონსტიტუცია

პრეზიდენტი: ახალი კონსტიტუციით, ყველაზე საშიშია, რომ აღარ გვეყოლება მთავარსარდალი

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის რედაქციის პროექტი შეაფასა. მარგველაშვილის თქმით, ყველაზე საშიში არის ის, რომ ქვეყანას, ფაქტობრივად, აღარ ეყოლება მთავარსარდალი.

"ახლა ჩვენ ვხედავთ მომავალი კონსტიტუციის ახალ ვერსიას და მე მინდა, რამდენიმე ძირითად პუნქტს შევეხო - 1. სამწუხაროდ, ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულებელყოფილი. ახალი ვერსიით, არა მოქალაქეები, არამედ სხვა წესით, 300 ხმოსანი აირჩევს პრეზიდენტს. 2. ამ არჩეულ პრეზიდენტს, ფაქტობრივად, აღარ გააჩნია ის მცირედი უფლებებიც, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა. ყველაზე საშიში არის ის, რომ, ფაქტობრივად, ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი", - თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ წინგადადგმული ნაბიჯია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, თუმცა ამის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაურკვეველია.

"ამ კონსტიტუციაში ნამდვილად ვნახეთ დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გადავდივართ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გაურკვეველი ჩანაწერით, მოგებული პარტია, სულ 1%-ით რომ ჰქონდეს მოგებული, ყველა გაუნაწილებელ მანდატს ითვისებს", - ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უქმდება. დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ვადები - რომელი წლიდან აირჩევს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს კომისიის წევრები კენჭს 22 აპრილს უყრიან.  

დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, "რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი".

კომენტარები