ავტოსაგზაო შემთხვევა

ავარიის შედეგად, 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის პირს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის ტარიელ ჯამალაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლით ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოართვა. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართვის უფლება არ ჰქონდა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომობილს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მართვის უფლების არმქონე ტარიელ ჯამალაშვილი მართავდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა  საპირისპირო მოძრაობის ზოლში და "ოპელ-ვექტრას" მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით ოპელ-ვექტრას მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ ფორდ-ტრანზიტის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურისვე ცნობით, სამართალდამცველებმა ტარიელ ჯამალაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა.

კომენტარები