განათლების სამინისტრო

ჯეჯელავა: უფასო ფაკულტეტები აღარ უნდა იყოს მათი ნავსაყუდელი, ვინც სხვაგან ვერ მოხვდა

ტაბულა

"ჩემი სურვილია, უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს ნავსაყუდელი ისეთი ხალხის, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდა", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, "სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტის მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხალხის აკადემიური მოსწრება ადეკვატური იქნება".

განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, "უფრო ზუსტი ინფორმაცია" ერთ თვეში ექნებათ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი. 2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი მთავრობის დადგენილებით უნდა გაიწეროს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი იმედოვნებს, რომ 20 მაისამდე მაინც გახდება უფასო ფაკულტეტების სია ცნობილი, რადგან სწორედ 20 მაისია ბოლო ვადა, როცა აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ჩასაბარებელი საგნების სიის შეცვლა შეუძლიათ.

"ველოდებით მთავრობის დადგენილებას, როცა იქნება, მაშინ გამოვაცხადებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, გადაიხედოს თუ არა გასულ წლებში არსებული ჩამონათვალი. თუმცა, მე თუ მკითხავთ, გაცილებით კარგი იქნებოდა, ეს ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი მანამდე ყოფილიყო, სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა. იმედი მაქვს, 20 მაისამდე გაირკვევა ეს საკითხი, რადგან სწორედ ამ დრომდე შეუძლიათ აბიტურიენტებს შეცვალონ საგნების ჩამონათვალი. გვინდა თუ არ გვინდა, რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს 20 მაისამდე გაირკვევა", - უთხრა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ს.

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 სპეციალობას სახელმწიფო 2014 წლიდან აფინანსებს. ესენია - აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია. 

კომენტარები