ტურიზმი

რ2: ლესელიძის ქუჩაზე ტურისტებს 2 ბოთლ ლუდში 3600 ლარი გადაახდევინეს

თბილისში ტურისტად მყოფი ინდოელები ჩივიან, რომ ყოფილ ლესელიძის ქუჩაზე(ამჟამად კოტე აფხაზის ქ.), სტრიპტიზკლუბ DOLLS-ში 31 მარტის ღამეს 2 ბოთლ ლუდში 3600 ლარი გადაახდევინეს. ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

როგორც მათი გიდი ყვება, ამ ფაქტზე ტურისტებმა მომსახურე პერსონალთან პრეტენზია გამოთქვეს, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომლებმა ისინი სხვა ოთახში გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ტურისტებმა პოლიციას უკვე მიმართეს. ისინი თანხის დაბრუნებას ითხოვენ. გიდი, რომელიც ტურისტებს პოლიციაში ახლდა, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.

კლუბის გარშემო მდებარე დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეს კლუბი და სავალუტო ჯიხური ერთი მეპატრონისაა და ტურისტებზე მომსახურებისას მაღალი საკომისიოთი ახურდავებენ ფულს ან პროდუქციას კოლოსალურად მაღალ ფასში ყიდიან. მაგალითად, შესაძლოა, 2 შამპანური 1600 ლარად გაყიდონ. მათი თქმით, ასეთი ფაქტების გამო ტურისტები პატრულს ხშირად იძახებენ.

თავად კლუბს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გამოძიება 178-ე, ძარცვის მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები