ფილიპ მორის საქართველო

7 სამართლებრივი ხარვეზი, ფილიპ მორისისთვის 93 მილიონი ლარის დაკისრების საქმეში

ფილიპ მორისის ბრენდი მარლბორო
Getty Images

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების სახით, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდს - ფილიპ მორისს 93-მილიონიანი სანქცია დააკისრა. კომპანიამ ზარალის ანაზღაურებისთვის, აღნიშნული თანხა უნდა გადაუხადოს ქართულ მწარმოებელს "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი), თუმცა კომპანია სანქციას არ ეთანხმება და ის 24 მარტს სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქმეში მთელი რიგი დარღვევებია. წარმოგიდგენთ ამ დარღვევებს TI საქართველოს ანგარიშის მიხედვით.

საქმის აღწერა:

"თბილისის თამბაქოს" განცხადებით, 2013 წლის 1 სექტემბრიდან, შპს "ფილიპ მორის საქართველომ" დაიწყო სიგარეტი BOND STREET-ის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, რის შედეგადაც სს "თბილისის თამბაქოს" გაყიდვები განსაკუთრებულად შემცირდა და ამით კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, სწორედ ეს არის კომპანიის სარჩელის ძირითადი ნაწილი.

1 დარღვევა: სასამართლოს მიერ კონკურენციის სააგენტოს დასკვნის უგულვებელყობა:

სასამართლომ საქმეს არ დაურთო და გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის კვლევის სააგენტოს 2016 წლის ანგარიშში, რომელიც მოიცავს მონიტორინგის 40 თვიან პერიოდს. სააგენტოს შეფასებით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა. 

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოცემული დასკვნა თავდაპირველად კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით სრულიად გაუგებარი მიზეზით წაიშალა.  

2 დარღვევა: არარსებული კანონმდებლობის გამოყენება:

"სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში, როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს. საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა 2015 წლის ნოემბერში ამზადებდა ანტიდემპინგურ კანონპროექტს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს", - წერია TI-ის ანგარიშში.

3 დარღვევა: სასამაართლოს დასკვნა ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის შესახებ:

სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა „ფილიპ მორისს” დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. აღნიშნული საკითხის სათანადო დასაბუთება კი მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლოს მიერ „ფილიპ მორისის” ქმედება შეფასდა, როგორც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც აკრძალულია „კონკურენციის შესახებ” კანონით. ამავე კანონის თანახმად, „ფილიპ მორისი” ბაზარზე დომინირებული მდგობარეობის მქონედ ჩაითვლებოდა თუ მისი წილი თამბაქოს ბაზარზე 40 %-ს აღემატება, რასაც „ფილიპ მორისის” წარმომადგენლები სადავოდ ხდიან. სასამართლომ კი გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

4 დარღვევა: არასწორი კანონის  - "თამბაქოს კონტროლის კანონის" გამოყენება:

სასამართლოს განმარტებით, "ფილიპ მორისის" მიერ დარღვეულია "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დანაწესიც, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. თუმცა, იგივე კანონის განცხადებულ მიზანს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ნაკლები ხელმისაწვდომობით მოსახლეობისა და მომხმარებელთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვა. ამასთან, კანონის თანახმად, მის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისას, მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა თამბაქოს მწარმოებლის მიმართ.

5, 6, 7 და სხვა დარღვევები 93 მილიონიანი სანქციის გამოთვლას უკავშირდება:

  1. "თბილისის თამბაქოს" პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, 8.5 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ანუ თანხა რომელიც მას უნდა მიეღო 2013-2015 წლებში, მისი გაყიდვები იმავე ტემპით რომ გაგრძელებულიყო, როგორც 2011-2013 წლებში.
  2. მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, სს "თბილისის თამბაქომ" მოითხოვა 8.5 მილიონი ლარის წლიური 10%, როგორც მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების გზით.
  3. სს "თბილისის თამბაქოს" მესამე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ვინაიდან კომპანიამ განიცადა  მრავალმილიონიანი ზიანი, რაც განგრძობად ხასიათს ატარებს, შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მრავალწლიანი სარეკლამო კამპანიისთვის, კერძოდ, ბილბორდების, ბანერების მოწყობის, პრომო აქციებისთვის და ა.შ. 10 წელზე გაანგარიშებით საჭირო იყო 25 მილიონი ლარი.
  4. "თბილისის თამბაქოს" მოთხოვნით, ვინაიდან სს "ფილიპ მორისმა" დაარღვია კანონი, მის მიერ მიღებული მოგებაც ასევე უნდა გადაეცეს სს "თბილისის თამბაქოს", ვინაიდან, რომ არა კანონის დარღვევა აღნიშნული მოგებას სწორედ სს "თბილისის თამბაქო" მიიღებდა. ამ მოთხოვნის საფუძველზე კი "ფილიპ მორისს" სასამართლომ 15 მილიონი ლარი დააკისრა.
  5. სასამართლომ ასევე გაიზიარა "თბილისის თამბაქოს" პოზიცია, რომ ზიანის მიყენება „გრძელდება და არის ხანგრძლივად გაგრძელების პერსპექტივით” და „ფილიპ მორისს” დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება შემდგომი 10 წლის განმავლობაში სათანადო სამეწარმეო საქმიანობით მისაღები შემოსავლის ასანაზღაურებლად 42.8 მილიონი ლარის ოდენობით.

საბოლოო ჯამში, კომპანია "ფილიპ მორისს" რომც დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა, 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, „თბილისის თამბაქოს” მიეკუთვნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალური ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. სამართლოს მიერ დაკისრებულმა თანხამ 90 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რეალურად "თბილისის თამბაქოსათვის" მიყენებული ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო  8.5 მილიონი ლარი და 8.5 მილიონ ლარის წლიურ 10%, ანუ მოგება და მიუღებელი შემოსავალი. 

კომენტარები