ფილიპ მორის საქართველო

TI: მოსამართლემ ფილიპ მორისს 93-მილიონიანი ჯარიმა არარსებულ კანონზე დაყრდნობით დაადო

pbs

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებს, ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმები 93 მილიონი ლარი და 270 მილიონი ლარი იმ კანონმდებლობაზე დაყრდნობით დაადო, რომელიც არ არსებობს. საუბარია ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დღეს ფილიპ მორის საქართველოს დაჯარიმების საქმეზე საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქმეში მთელი რიგი დარღვევებია, რაც საერთო ჯამში კორუფციის მაღალ რისკებზე მიანიშნებს. ორივე კომპანია ქართველი მწარმოებლების, "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და "ომეგა ჯგუფის" საჩივარზე დააჯარიმეს. ორივე საქმე ერთი და იმავე მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ განიხილა.

"სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში, როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს. საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა 2015 წლის ნოემბერში ამზადებდა ანტიდემპინგურ კანონპროექტს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს", - წერია TI-ის ანგარიშში.

საქმის დეტალები ასე გამოიყურება, TI-ის ანგარიშის მიხედვით:

სს "თბილისის თამბაქოს" განცხადებით, 2013 წლის 1 სექტემბრიდან, შპს „ფილიპ მორის საქართველომ“ დაიწყო სიგარეტი BOND STREET-ის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, რის შედეგადაც სს „თბილისის თამბაქოს” გაყიდვები განსაკუთრებულად შემცირდა და ამით კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

შპს „ფილიპ მორის საქართველოს” პოზიციით მათი ბრენდის სიგარეტების საცალო გასაყიდი ფასები სადავო პერიოდში უმრავლეს შემთხვევებში იყო მაღალი, ვიდრე სს „თბილისის თამბაქოს“ წარმოებული სიგარეტებისა. ხოლო, გაყიდვების შემცირება, მათი მოსაზრებით, უკავშირდება მენეჯმენტის, მარკეტინგული პრობლემის, პროდუქციის ხარისხის და სხვა ფაქტორებს.

სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი და არსებული პრობლემები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით კომპანია ფილიპ მორისის მიერ ბაზარზე კონკურენტების გაძევების მიზნით დადგინდა დემპინგური ფასები, რის გამოც მას სს თბილისის თამბაქოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

საყურადღებოა, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოცულობისა და დავის სირთულისა, სასამართლო განხილვები დაჩქარებულად და შესაძლო პროცედურული დარღვევებით წარიმართა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო დასაბუთების გარეშე. საქმის განხილვის არაობიექტურად და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით წარმართვასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს შემდეგი გარემოებები:

სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა და სათანადო დასაბუთების გარეშე დაადგინა კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა.

სასამართლომ საქმეს არ დაურთო და გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა კომპანია „ფილიპ მორისის” მიერ წარდგენილი კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლითაც არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევა. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის კვლევის სააგენტოს 2016 წლის ანგარიშში, რომელიც მოიცავს მონიტორინგის 40 თვიან პერიოდს ვკითხულობთ:

„კომპანიების დეტალური გაანალიზებისას, რიგ ეკონომიკურ აგენტებს გამოეკვეთათ პროდუქციის თვითღირებულებით ან/და ნაკლებ ფასად რეალიზაციის ტენდენცია.ეს ფაქტი თვისობრივად არ მოდის წინააღმდეგობაში დღევანდელ კანონმდებლობასთან, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რაც სამართლებრივ დონეზე დაარეგულირებს მსგავს ფაქტს”.

კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა, მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მეტოქეობა და ბაზარი უფრო და უფრო ვითარდება. ასევე არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. შესაბამისად, კონკურენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მარეგულირებელი მთავარი ორგანოს ანგარიშით თამბაქოს ბაზარზე არსებული გარემო სადავო პერიოდში კონკურენტულად შეფასდა.  

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოცემული დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით სრულიად გაუგებარი მიზეზით წაიშალა.  


ფოტო: transparency.ge
სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა „ფილიპ მორისს” დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. აღნიშნული საკითხის სათანადო დასაბუთება კი მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლოს მიერ „ფილიპ მორისის” ქმედება შეფასდა, როგორც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც აკრძალულია „კონკურენციის შესახებ” კანონით. ამავე კანონის თანახმად, „ფილიპ მორისი” ბაზარზე დომინირებული მდგობარეობის მქონედ ჩაითვლებოდა თუ მისი წილი თამბაქოს ბაზარზე 40 %-ს აღემატება, რასაც „ფილიპ მორისის” წარმომადგენლები სადავოდ ხდიან. სასამართლომ კი გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები მოცულობითი, ხოლო დავა თავისი შინაარსით სამართლებრივად რთულია, სასამართლომ  საქმე დაჩქარებულად წარმართა, დავა არსებითად ერთ სხდომაში განიხილა და გადაწყვეტილებაც იმავე სხდომაზე გამოაცხადა.

სასამართლომ სრულიად გაიზიარა სს „თბილისის თამბაქოს” პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ „ფილიპ მორისის” მიერ დისტრიბუტორებისათვის თამბაქოს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციამ უშუალო გავლენა იქონია „თბილისის თამბაქოს” გაყიდვებზე და შეამცირა თამბაქოს ბაზარზე მისი წილი. აღნიშნულის არგუმენტად კი სასამართლოს მოყავს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ სს „თბილისის თამბაქოს” გაყიდვების შემცირება და დამდგარი ზიანი უშუალოდ დაკავშირებულია „ფილიპ მორისის” მხრიდან პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასთან. დასკვნა მოიცავს მხოლოდ ზოგად გაანგარიშებას სიგარეტის თვითღირებულებისა და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2011 - 2013 წლების მოგებასთან შედარებით 2013-2015 წლებში „თბილისის თამბაქოს” მოგება შემცირდა. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია თამბაქოს ბაზარზე სხვა ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა  სს „თბილისის თამბაქოს” გაყიდვებისა და შესაბამისად, მოგების შემცირებაზე.

გარდა ამისა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა მნიშვნელოვნად განაპირობა კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საქმეში დაუშვებლობამ. „ფილიპ მორისის” განცხადებით, მათ დასკვნა მას შემდეგ წარადგინეს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, როდესაც ის მომზადდა, თუმცა სასამართლომ ის საქმეს არ დაურთო.

სასამართლოს მიერ „თბილისის თამბაქოსთვის” მიკუთვნებული თანხის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მისთვის მიყენებულ შესაძლო ზიანს, თუ დავუშვებთ რომ კომპანიამ დაარღვია საქართველოს კანომდებლობა.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს. ეის” სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 93 მილიონამდე ლარის ანაზღაურება, რითაც სრულად დაკმაყოფილდა სს „თბილისის თამბაქოს” სარჩელი:

სს „თბილისის თამბაქოს” პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, 8 571 954 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ანუ თანხა რომელიც მას უნდა მიეღო 2013-2015 წლებში, მისი გაყიდვები იმავე ტემპით რომ გაგრძელებულიყო, როგორც 2011-2013 წლებში.

მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, სს „თბილისის თამბაქომ” მოითხოვა 8 571 954 ლარის წლიური 10%, როგორც მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების გზით.

სს „თბილისის თამბაქოს” მესამე სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ვინაიდან კომპანიამ განიცადა მრავალმილიონიანი ზიანი, რაც განგრძობად ხასიათს ატარებს, შესაბამისად, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მრავალწლიანი სარეკლამო კამპანიისთვის, კერძოდ, ბილბორდების, ბანერების მოწყობის, პრომო აქციებისთვის და ა.შ. 10 წელზე გაანგარიშებით საჭირო იყო 25 000 000 ლარი.

ამასთან, სს „თბილისის თამბაქოს” მოთხოვნით, ვინაიდან სს „ფილიპ მორისმა” დაარღვია კანონი, მის მიერ მიღებული მოგებაც ასევე უნდა გადაეცეს სს „თბილისის თამბაქოს”, ვინაიდან, რომ არა კანონის დარღვევა აღნიშნული მოგებას სწორედ სს „თბილისის თამბაქო” მიიღებდა. ამ მოთხოვნის საფუძველზე კი „ფილიპ მორისს” სასამართლომ 15 000 000 ლარი დააკისრა.

სასამართლომ ასევე გაიზიარა „თბილისის თამბაქოს” პოზიცია, რომ ზიანის მიყენება „გრძელდება და არის ხანგრძლივად გაგრძელების პერსპექტივით” და „ფილიპ მორისს” დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება შემდგომი 10 წლის განმავლობაში სათანადო სამეწარმეო საქმიანობით მისაღები შემოსავლის ასანაზღაურებლად 42 859 770 ლარის ოდენობით.

საბოლოო ჯამში, კომპანია „ფილიპ მორისს” რომც დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა,  10 თებერვლის გადაწყვეტილებით, „თბილისის თამბაქოს” მიეკუთვნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალური ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. განსაკუთრებით დასაბუთებას მოკლებულია, შემდგომი 10 წლის განმავლობაში სს „თბილისის თამბაქოსთვის” სავარაუდოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად „ფილიპ მორისისთვის” 43 მილიონამდე თანხის დაკისრება და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით დამატებით 15 მილიონი ლარის გადახდის დავალება. საერთო ჯამში, სამართლოს მიერ დაკისრებულმა თანხამ 90 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რეალურად „თბილისის თამბაქოსათვის” მიყენებული ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო 8 571 954 ლარი და 8 571 954 ლარის წლიურ 10%, ანუ მოგება და მიუღებელი შემოსავალი. 

კომენტარები