ოჯახში ძალადობა

საია: ოჯახში ძალადობაში ბრალდებულებზე მოსამართლეები ადეკვატურ სასჯელს არ იყენებენ

usnews.com

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე ეფექტური მართლმსაჯულება სასამართლოსა და ბრალდებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

საია-ში ამბობენ, რომ ეს ფაქტი მსხვერპლ ქალებს უქმნის ბარიერებს, მიმართონ სასამართლოს და ეფექტურად დაიცვან თავიანთი უფლებები.

ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში სახელწოდებით „ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა.“

ანგარიშში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, საუბარია მამაკაცის მიერ ქალის ცემის, ფეხმძიმე ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვის მცდელობის, ფსიქოლოგიური ძალადობის, მოკვლის მუქარისა და ოჯახის ფარგლებში ძალადობის განხორციელების სხვა შემთხვევებზე.

ანგარიშში მოცემული ინფორმაცია მიღებულია სასამართლო სხდომებზე დასწრებისა და მათზე დაკვირვების შედეგად. 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში საია-მ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის 132 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.

ორგანიზაციის შეფასებით, ხშირად სასამართლოების და პროკურატურის საქმიანობა არათანმიმდევრული და ფრაგმენტულია, რაც მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერის მიღმა ტოვებს და ვერ უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

სასამართლოს მიდგომები

საია-ს მონიტორინგის მიხედვით, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა შესაბამისი სიმძიმისა და ადეკვატურობის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რომელიც მსხვერპლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„სასამართლოები ზოგჯერ დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ ბრალდებულებს, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად აზარალებს სამართალწარმოების ეფექტიანობას და ძალადობის მსხვერპლებს კვლავ დაუცველს ტოვებს“, - აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად საქმეში არსებული რისკებისა და საფრთხეებისა, მოსამართლეები, ხშირ შემთხვევაში, აქცენტს აკეთებენ არა დაზარალებულის უსაფრთხოებაზე, არამედ ბრალდებულის დადებით თვისებებზე.

რაც შეეხება არსებითი განხილვის ეტაპს, საია ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე უმეტესად გამამტყუნებელი განაჩენები დგება, მაგრამ მოსამართლის საქმიანობა ბოლომდე ეფექტური არ არის, ვინაიდან უმეტესად ლოიალური სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლება.

ორგანიზაცია ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითსაც აქვეყნებს:

მაგალითი N1

  • პირს ბრალი ედებოდა ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში. ბრალდებულმა ყოფილ ცოლს რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა სახეში და თავი დაარტყმევინა მანქანის წინა ნაწილზე. ფიზიკური ძალადობის გარდა, ბრალდებული მსხვერპლს აგინებდა და აფურთხებდა. ამ ინციდენტის შემდეგ, ბრალდებული შეტყობინებებს უგზავნიდა დაზარალებულს და სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა. ბრალდების მხარემ სასამართლოსგან პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, სასამართლომ კი მისი პოზიცია არ გაიზიარა და ბრალდებულს დააკისრა გირაოს გადახდა 2000 ლარის ოდენობით. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მხედველობაში ვერ მიიღებდა წარსული ძალადობის ფაქტებს, რადგან ბრალდებული არცერთის გამო გასამართლებული არ ყოფილა.

მაგალითი N2

  • პროკურორმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, რომელმაც ბრალდებულს შეუფარდა გირაო 15 000 ლარის ოდენობით მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა იძალადა ყოფილ მეუღლეზე, რის გამოც მსხვერპლი სამი დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და დანაშაული სამ ეპიზოდად იყო ჩადენილი. ბრალდების მხარემ ისიც აღნიშნა, რომ ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაკისრებული თანხა არ იყო მისთვის შემაკავებელი მექანიზმი. დადგინდა, რომ ბრალდებულის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადრეც ჰქონდა ადგილი. პროკურორმა გამოაქვეყნა ბრალდებულის მიერ მსხვერპლისთვის გაგზავნილი შეტყობინებაც. ბრალდებული მსხვერპლს წერდა: „შენთვის ცხოვრება დასრულდა. შენ უნდა მოკვდე და მე გპირდები, რომ მოკვდები, თან ძალიან მალე.“ ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულს ჰქონდა სანადირო თოფის და იარაღის ტარების უფლება, რაც მომეტებულ საფრთხეზე მიანიშნებდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობდა. თუმცა, კვლავ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მთავარი ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ბრალდებულს შვილები კარგ სკოლაში დაჰყავდა და მატერიალურადაც უზრუნველყოფდა.

საია-ს ინფრომაციით, დაფიქსირდა სასამართლოს პოზიტიური მიდგომებიც, რაც გამოიხატა აღკვეთის სათანადო ღონისძიების შერჩევასა და მსხვერპლის მდგომარეობის გათვალისწინებაში.

პროკურატურის მიდგომები

საია-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა, უმრავლეს შემთხვევაში, შესაფერისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, ადგილი ჰქონდა გამონაკლისებსაც, როდესაც ბრალდების მხარეს ადეკვატურად არ ჰქონდა შეფასებული და გაზომილი არსებული საფრთხეები.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებსა ქალზე ძალადობის შემთხვევაზე, სადაც დანაშაულის სწორ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რჩება.

საია ამ შემთხვევაშიც აქვეყნებს კონკრეტულ მაგალითებს:

მაგალითი N1

  • პირს ბრალი ედებოდა ცოლზე ძალადობაში. პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებული მოიყვანა სამმა პოლიციელმა. ის იყო აგრესიული და უარს ამბობდა სასამართლო დარბაზში შესვლაზე იმ მიზეზით, რომ სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ საზოგადოების წარმომადგენლები. მან ასევე უარი განაცხადა დაზარალებულის დასწრებაზე. პოლიციელებმა და მანდატურებმა ვერ შეძლეს სხდომის დარბაზში მისი შეყვანა. ბრალდებული ყვიროდა და ამბობდა, რომ არ სურდა, მისი ოჯახის საქმე სხვას მოესმინა და მხოლოდ მაშინ დაესწრებოდა პროცესს, თუ ყველა დატოვებდა დარბაზს. პროტესტის ნიშნად, მან ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ბრალდებულმა აგრესია გამოხატა მოსამართლის თანაშემწის მიმართაც. მისი დამშვიდება სცადა დაზარალებულმაც, თუმცა, ბრალდებულმა, ამის საპასუხოდ, ფეხების ქნევა და მეუღლის გინება დაიწყო. პროკურორმა დაზარალებულს მიმართა, რაში სჭირდებოდა ასეთი ქმარი გვერდით. ბრალდების მხარემ ისიც აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მამაკაცი კვლავ იძალადებდა ცოლზე. პროკურორმა ბრალდებულის მიმართ მოითხოვა გირაოს გამოყენება 2000 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ კიდევ უფრო შეამცირა და ბრალდებულს 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

მაგალითი N2

  • პირს ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ ძალადობაში. ბრალდებული მიდიოდა დაზარალებულის სახლში და კარის გაღებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მას შემაკავებელი ორდერით აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება, თუმცა მაინც მივიდა მის სახლში, ელექტროდამაგრძელებლის გამოყენებით ხელები ზურგსუკან შეუკრა და საწოლზე დააგდო, შემდეგ კი, ოთახში გაზი გაუშვა. გარდა ამისა, კარის საკეტი მოშალა, რომ დაზარალებულს ვერ გაეღო, წაართვა ტელეფონი და გვერდით ოთახში გავიდა. დაზარაკებულმა შეძლო მეზობლებისთვის დახმარების თხოვნა, რიმ შემდეგაც ბრალდებული დანის გამოყენებით ემუქრებოდა. დაზარალებულმა მოასწრო პატრულში დარეკვა და ბრალდებული დააკავეს. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზები რომ არა, იგი დაზარალებულს მოკლავდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრალდებულს ბრალი ედებოდა სამი მუხლის დარღვევაში: თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მუქარა და იძულება. საი-ს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობასაც, რაზეც ბრალდებას არ უსაუბრია.

დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა

საია-ს ანგარიშის მიხედვით, დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ქალთა მიმართ ძალადობისარცერთ საქმეზე დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად.

„შესაბამისად, ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები არ აღიარებენ, რომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულები არის გენდერული დისკრიმინაციის შედეგი“, - აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებისათვის გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების გამოკვლევა და შეფასება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„მონიტორინგმა აჩვენა, რომ, რიგ შემთხვევებში, იკვეთებოდა ნიშნები, რომელთა საფუძველზეც უნდა გამოკვლეულიყო, დანაშაულის ჩადენა მოტივირებული იყო თუ არა გენდერული უთანასწორობით, ქალის გენდერულ როლზე არსებული შეხედულებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებით. თუმცა, ასეთ ფაქტებზე ბრალდების მხარესა და სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებიათ“, - აღნიშნულია საია-ს ანგარიშში.

ორგანიზაცია საუბრობს ტრანსგედერი ქალის, ზიზი შეყილაძის საქმეზეც.

„დიდია იმის ალბათობა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო სიძულვილის მოტივით, ვინაიდან მსხვერპლი მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფს ეკუთვნოდა. ასეთ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, სამართალწარმოება განახორციელოს სპეციფიკურ კონტექსტში. თუმცა, მიუხედავად ამისა, სავარაუდო ტრანსფობიური სიძულვილის მოტივი, როგორც დამამძიმებელი გარემოება, პროცესზე სათანადოდ არ გამოკვლეულა“, - აღნიშნულია კვლევაში.

დანაშაულისადმი ლოიალური დამოკიდებულების შესაძლო შედეგები

საია-ს ანგარიშის მიხედვით, ხშირად, პროცესის მონაწილეების მხრიდან, იკვეთება ლოიალური და შემწყნარებლური დამოკიდებულება დანაშაულების მიმართ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომები შესაძლოა, ახალისებდეს ოჯახში ძალადობას, ხელს უშლიდეს ქალებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაში და მოძალადის მხარდამჭერი ეფექტი ჰქონდეს.

„ოჯახში ძალადობა პრაქტიკაში კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რაც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაულები“, - აღნიშნულია კვლევაში.

საია ამ შემთხვევაშიც აქვეყნებს კონკრეტულ მაგალითებს:

მაგალითი N1

  • ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეზე ადვოკატმა შესავალი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე პირის პასუხისგებაში მიცემა არ უნდა ხდებოდეს: ოჯახი ისეთი რამ არის, რა კონფლიქტიც არ უნდა მოხდეს, ის სახლის კედლებს არ უნდა გასცდეს. არ არის აუცილებელი მსგავსი მკაცრი მიდგომა პროკურატურის მხრიდან აღნიშნულ დანაშაულებზე.“

მაგალითი N2

  • ძალადობის კიდევ ერთ საქმეზე ირკვეოდა, რომ ბრალდებული ფეხის დარტყმით გაუსწორდა მეუღლეს, ქამრით სცემა და ტაფის თავსახური გადაამტვრია. ასევე, კედელთან მიაყენა და ახრჩობდა. ამ ფაქტს შეესწრო მათი შვილი, რომელიც დედას გადაეფარა. აგრეთვე, ბრალდებულმა პატრულ-ინსპექტორის თანდასწრებით დაზარალებულს უთხრა, რომ [ციხიდან] გამოსვლის მერე მოკლავდა. ამის მიუხედავად, ადვოკატი ამტკიცებდა, რომ შეიძლება ქმარმა ხელი გაარტყას [ცოლს], მაგრამ ეს ფაქტები არ ხმაურდება. პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მამა სახლში მივიდეს და ბავშვებს მშობლები გვერდით ჰყავდეს. დამატებით, განაცხადა [ადვოკატმა], რომ აღნიშნული არ არის მძიმე დანაშაული. აგრეთვე, მიუთითა, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს უყვართ ერთმანეთი და მათ ერთად ყოფნას წინ ვერავინ დაუდგებოდა. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ: „ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა მათი პირადი ურთიერთობაა“.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, სასამართლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ, ცალკეულ შემთხვევებში, ძალადობის მსხვერპლებს აქვთ უკიდურესად ლმობიერი დამოკიდებულება მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

„ისინი იძულებულნი არიან, ითმინონ ძალადობა საზოგადოების მხრიდან გაკიცხვისგან თავის არიდების, დამნაშავეზე ეკონომიკური დამოკიდებულების, შურისძიების შიშის ან სხვა ფაქტორის გამო. აღნიშნული მიზეზით, ძალადობის მსხვერპლები ცვლიან საკუთარ პოზიციებს, ან საერთოდ უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე და პრეტენზია აღარ გააჩნიათ მოძალადეების მიმართ“, - აღნიშნულია კვლევაში.

საია-ს რეკომენდაციები

ანგარიშში საია საერთო სასამართლოებს, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს:

საერთო სასამართლოებს

  • ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს გენდერული ხედვით: სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასეთი ტიპის დანაშაულების სპეციფიკურობა, ადეკვატურად შეაფასოს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს ბრალდებულისგან და გამოიყენოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიებები;
  • სასამართლოებმა, ყველა შესაძლო შემთხვევაში, სათანადო სიმძიმის სასჯელები უნდა გამოიყენონ ბრალდებულების მიმართ, რაც ეფექტურად იმოქმედებს განმეორებითი ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით და უზრუნველყოფს მსხვერპლის უსაფრთხოებას;
  • მოსამართლეებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დისკრიმინაციული ნიშნების იდენტიფიცირების მიზნით და, ყველა შესაძლო შემთხვევაში, დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა მიიჩნიონ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

საქართველოს პროკურატურას

  • პროკურატურამ სათანადოდ უნდა შეაფასოს არსებული გარემოებები და მოითხოვოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიება, რომელიც იქნება მსხვერპლის უსაფრთხოების გარანტი და უზრუნველყოფს მათ დაცვას ხელახალი ვიქტიმიზაციისგან;
  • ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს დანაშაულის დაკვალიფიცირება მისი სიმძიმის შესაბამისად და გენდერული ხედვის გათვალისწინებით, რათა ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეს განესაზღვროს მისი ქმედების სიმძიმის შესაბამისი სასჯელი;
  • ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე პროკურატურამ ყველა შესაძლო საშუალებით უნდა გამოიკვლიოს, ხომ არ მოხდა დანაშაულის ჩადენა გენდერთან დაკავშირებული ან სხვა შეუწყნარებლობის მოტივით და, დისკრიმინაციის შემთხვევაში, სსკ-ის შესაბამის მუხლთან ერთად, გამოიყენოს 53-ე მუხლის მე-3¹ პუნქტიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს ძალადობის რისკების შეფასების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხის დროულად განჭვრეტასა და შესაბამისი ზომების ეფექტურად დაგეგმვას. შესაძლებელია, აღნიშნული განისაზღვროს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, ესპანეთის, ჩეხეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად.

კომენტარები