რუსთავი 2-ის საქმე

ჩერგოლეიშვილი R2-ზე: ივანიშვილის განიარაღების პროცესია და იმედია, ბოლომდე მივა

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, რუსთავი ორში ბიძინა ივანიშვილის განიარაღების პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, "ის, რასაც რუსთავი ორზე ვუყურებ, ძალიან ჰგავს იმ პროცესს, რაც ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდა". ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში აღნიშნა, რომ პროცესი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, როცა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, თავისი წილი ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაეცა. 

"ჩემთვის, სამწუხაროდ, როგორც გარეშე დამკვირვებლისთვის, რასაც "რუსთავი 2"-ზე ვუყურებ, ცხადია, ძალიან ჰგავს იმ პროცესს, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელდა. გაგახსენდებათ ალბათ 2000-იან ყრილობაზე გაკეთებული განცხადებები. დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ ეს ტელევიზია უნდა იყოს სახალხო. ზუსტად ისე, როგორც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით აკეთებდა სააკაშვილი განცხადებებს, რომ "ეს პარტია უნდა გადაიქცეს სახალხო პარტიად" და შედეგად მივიღეთ მარგინალიზებული ძალა, რომელიც დატოვა მეტ-ნაკლებად ყველა პრინციპულმა და საღი აზრის მქონე ლიდერმა. მე ძალიან მეშინია, რომ იგივე არ მოხდეს "რუსთავი 2"-შიც, იმიტომ, რომ რუსთავი ორის გუნდი ნამდვილად არ იმსახურებს მარგინალიზებას", - თქვა ჩერგოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი არგუმენტი რუსთავი ორის წინააღმდეგ ის იყო, რომ მას "ერთი კაცის, ერთი პარტიის რუპორს" უწოდებდა.

"ჩემი დაკვირვებით, მიდის ივანიშვილის განიარაღების პროცესი და ძალიან ვწუხვარ, რომ არსებობენ ადამიანები, რომელნიც ამ პროცესს ხელს უშლიან. ამით თავისდაუნებურად ხელს უწყობენ ივანიშვილს, ფაქტობრივად, მისი მოკავშირეები არიან. ის პროცესი, რაც ჩემი გადმოსახედიდან, ნიკა გვარამიამ დაიწყო, ემსახურება ივანიშვილის განიარაღებას, ივანიშვილი მუდამ რუსთავი ორის წინააღმდეგ იყენებდა მთავარ არგუმენტს, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია, ეს არის - ერთი კაცის რუპორი. მე ამ პროცესს ვხედავ, როგორც ივანიშვილის განიარაღების პროცესს და იმედი მაქვს, რომ მივა ბოლომდე", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ტაბულას დირექტორის შეფასებით, ნიკა გვარამია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვას ის არგუმენტი, თითქოს რუსთავი ორი ერთი კაცის დაკვეთას ასრულებს.

"მფლობელობის რეალური გადაცემით გუნდისთვის, ივანიშვილის ბრძოლა რუსთავი ორის მიმართ დასუსტდება", - თქვა ჩერგოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მფლობელებმა სააკაშვილის გზა აირჩიეს და გუნდის გათიშვას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, ძმებმა ყარამანიშვილებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რუსთავი 2-ის თანამშრომლებს შპს "TV საქართველოს" საკონტროლო პაკეტი გადასცენ, რომელიც, თავის მხრივ, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელია. ეს გადაწყვეტილება მათ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეთავაზების შემდეგ მიიღეს, რომელიც სწორედ ამას გულისხმობდა. ამ შეთავაზებით კოლექტივმა ყარამანიშვილების მხრიდან კუთვნილი 40%-იანი წილის გადაცემაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ, 25 მარტს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2 ძმებ ყარამანიშვილების შეთავაზებას "ტელეკომპანია საქართველოს" საკონტროლო პაკეტის გადაცემის თაობაზე იღებს. მისი თქმით, ორშაბათს, 27 მარტს დაფუძნდება შპს, რომლიც იქნება აღნიშნული წილის მფლობელი. მოგვიანებით, გვარამიას განცხადებას უპასუხეს ყარამანიშვილებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ შპს-ის შექმნა ეწინააღმდეგება ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების უმრავლესობის ნაწილს. ასევე, ეს არის "უმოკლესი გზა იმისკენ, რომ რუსთავი 2-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა".

მიუხედავად ამ განცხადებისა, რუსთავი 2-ში გაიმართა თანამშრომელთა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ დაფუძნდება შპს სახელწოდებით "რუსთავი 2 ჩემია", რომელიც "TV საქართველოში" ძმებ ყარამანიშვილების 51%-იანი წილის მმართველი იქნება. ახალ შპს-ში რუსთავი 2-ის 40 წარმომადგენელი იქნება, თითოეული მათგანი 2.5%-იანი წილით. ტელეკომპანიის ცნობით, თანამშრომლების აზრით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და ამიტომ, უნდა შეიქმნას შპს. თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩიეს წარმომადგენლები შპს-ში. რუსთავი 2-ში გამართული შეხვედრის ჩანაწერი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, რაც ჟურნალისტთა ნაწილმა მოგვიანებით გააკრიტიკა.

ამასთან, რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "TV საქართველოს" 51%-იანი წილის მესაკუთრეები, ძმები ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ არანაირი შპს-ს მონაწილეობა არ განიხილება და რუსთავი 2-ის კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმზე გადადიან. გარდა ამისა, ყარამანიშვილები ამბობენ, რომ მათი განცხადება არხს პრაქტიკულად არ გაუშუქებია, მაშინ როცა გენერალური დირექტორის თათბირს დაეთმო დრო.

კომენტარები