სკოლები

პრემიერი: გაზაფხულის არდადეგები დავუბრუნეთ ჩვენს ბავშვებს

GiorgiKvirikashvili/fb.com

სკოლის მოსწავლეებმა საგაზაფხულო არდადეგებზე დაისვენეს  - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრეს.

"მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო პოზიტიურ თემას, ეს არის გაზაფხულის არდადეგები, რომელიც ჩვენ დავაბრუნეთ, დავუბრუნეთ ჩვენს ბავშვებს. ძალიან პოზიტიური ნაბიჯი აღმოჩნდა და მინდა, ამის შესახებ მეტი დეტალები გვითხრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა", - თქვა პრემიერმა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ 10 ათასამდე მოსწავლემ ზამთარში მთის კურორტებზე დაისვენა, ხოლო მომავალ წელს, მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება.

"სპორტის და ახალგაზრდობის და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, მთის კურორტების კომპანია ძალიან დაგვეხმარა და ათასობით ბავშვი, ახლა ზუსტ სტატისტიკად ვამზადებთ, სადღაც 10 ათასამდე ბავშვი, ამ არდადეგებზე ზამთრის კურორტებზე იყო. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან ჩვენი, სახელმწიფო დაფინანსებით, იყო ისეთი ხალხი, რომელიც შეიძლება ვერც ხვდება ზამთრის კურორტებზე თავისით. მოკლედ, დიდი მადლობები. დიდი გეგმები გვაქვს, მომავალ წელს ვფიქრობთ რომ მასშტაბი იქნება გაცილებით უფრო დიდი. ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა, შეჯიბრები ჩატარდა, მოკლედ, სპორტული სკოლები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული, მთის კურორტების კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა და ტარიელი [ხეჩიკაშვილი], რა თქმა უნდა, ძალიან გვერდით გვედგა ყველანაირად", - ამბობს ვიცეპრემიერი ჯეჯელავა.

პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ მთის კურორტი ყველა ადამიანისთვის ხელიმისაწვდომი უნდა გახდეს.

"ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ მართლაცდა ძალიან კარგი შესაძლებლობით, რომ გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს. ეს პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ეს დავაბრუნეთ, მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. მე როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ ინფრასტრუქტურა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით ჩვენ, მით უფრო გავაიაფებთ და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ამაზე ღირს რესურსის დახარჯვა. ვფიქრობ, კარგი იყო, რომ წელს ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ", - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები