აქცია ბათუმში

შსს: 40-დან 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენები გათავისუფლდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გუშინ, ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული 40 პირიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

კომენტარები