გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატის მტკიცებით, გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

"მამა გიორგი როგორც ამბობს ციანიდის შეძენა დაავალა შორენა თეთრუაშვილმა", - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მაია ზოიძე ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში. ადვოკატის თქმითვე გიორგი მამალაძეს მომწამლავი ნივთიერება საერთოდ არ შეუძენია. 

გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ გამოძიების შუალედური შედეგების სახით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ისე არის დამონტაჟებული, რომ გიორგი და ირაკლი მამალაძეს შორის გამართული საუბრის კონტექსტი სრულად არის შეცვლილი. ადვოკატთა თქმით, პროკურატურის მიერ მტკიცებულების სახით გამოქვეყნებული დეკანოზის სმარტფონის ვებ ისტორია, რომელიც მომწამლავი ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის ძიებას ასახავს სინამდვილეში ირაკლი მამალაძის პროვოცირებით გახსნილი გვერდებია. 

გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ამოჭრილია ის ნაწილები, სადაც პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე თავად საუბრობს შორენა თეთრუაშვილზე და ამბობს, რომ ის "გასანეიტრალებელია".

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, ორშაბათს, 13 მარტს, გაგრძელდება. როგორც დაკავებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, ბრალდებულის უფლებადამცველებს მთავარი პროკურატურისგან ამის შესახებ უკვე ეცნობათ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს, ის ბრალს არ აღიარებს.

 

კომენტარები