გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იცის, ვისგან შეიძინა დეკანოზმა ციანიდი

საქართველოს პროკურატურა

პროკურორი ჯარჯი წიკლაური არ პასუხობს კითხვას, ფარული მიყურადების მიუხედავად, რატომ არ იცის უწყებამ, ვისგან შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ნატრიუმის ციანიდი. კითხვაზე, "სასამართლოსგან იყო გაცემული ნებართვა და ფარული მიყურადება მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში, როგორ მოხდა, რომ ვერ გაიგეთ, ვისგან შეიძინა ციანიდი, ამ დროს ხომ უთვალთვალებდით დეკანოზს", პროკურორი არ პასუხობს და "სხვა შეკითხვების" დასმას ითხოვს.

პროკურატურის განცხადებით, "2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე, რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში".

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დღეს გაასაჯაროვა. უწყების მტკიცებით, დეკანოზი ციანიდის შეძენაში დახმარებას ირაკლი მამალაძეს სთხოვდა და სანაცვლოდ, საპატრიარქოში "კარგ ადგილს" ჰპირდებოდა. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ინტერნეტში ეძებდა ინფორმაციას ციანიდის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების და მოწამვლის სიმპტომების შესახებ. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. მას შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობას ედავებიან.

კომენტარები