სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი: ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეთ

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს "პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან" გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ქ.ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს "პირამიდა - ფ.რ. ფილიალის" ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს", - თქვეს სუს-ში.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 - დან 15  წლამდე.

კომენტარები