სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს

Madeline Mills/Hudson Institute

ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჯონ უოლტერსმა ინსტიტუტის კვლევის გამოქვეყნების შემდგომ სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით "სერიოზული შეშფოთება გამოხატა" და აღნიშნა, რომ ის საჯაროდ ხელმისაწვდომ, გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობა. 

ეს კვლევა საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება და მისი თანაავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.

ამის შესახებ განცხადება უოლტერსმა X-ზე გამოაქვეყნა

"ეს კვლევა არის ჰადსონის ინსტიტუტის პუბლიკაცია, რომელიც ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. კვლევა გადამოწმებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ეს კვლევის შენიშვნების დამოწმებებში არის აღნიშნული, და ჰადსონის ინსტიტუტი მის მიგნებებს მტკიცედ უჭერს მხარს. 

ეს კვლევა გამომაფხიზლებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირანი რეგიონში მადესტაბილიზებელი ძალაა. ამ კვლევის ავტორების გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებული უნდა იყოს მისი მიგნებებით, რომლებიც ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებამ უკვე უნდა იცოდეს. 

კვლევა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენის თვალნათელ და სისტემურ სურათს წარმოაჩენს. ეს განვითარება როგორც საქართველოს, ისევე აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს". - თქვა უოლტერსმა. 

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-მა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე დაიბარა. 

სავარაუდოდ, სუს-ს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვს. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო. 

3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში". კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.

კვლევაში წერია, რომ "საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა, უკვე სისტემური გახდა და ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში ღრმად არის გამჯდარი. [...] საქართველოს ირანისკენ გადახრა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც მოსკოვთან დაახლოებასაც მოიცავს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იურიდიულ ზეწოლას ახდენს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და არღვევს ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთან".


როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. მათივე ცნობით, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება მუხლი გადაკვალიფიცირდება.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - უთხრეს სუს-ში ტაბულას. 

"ტერორისტული უნივერსიტეტია, ტერორისტების უნივერსიტეტი მუშაობს და ბოგინებს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების "ვერბორკას" ასე რომ ვთქვათ, ისინი იწვევენ მათ, ასწავლიან ამ საქმიანობას და აგზავნიან კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში" - თქვა თარგამაძემ TV ფორმულას ეთერში, სავარაუდოდ სწორედ ამ განცხადების გამოა ის სუს-ში დაბარებული.

3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში". კვლევის ავტორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.

კვლევაში წერია, რომ "საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა, უკვე სისტემური გახდა და ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებში ღრმად არის გამჯდარი. [...] საქართველოს ირანისკენ გადახრა უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც მოსკოვთან დაახლოებასაც მოიცავს. ეს ცვლილება ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იურიდიულ ზეწოლას ახდენს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და არღვევს ტრადიციულ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთან".

4 მარტს თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი იმიტომ, რომ ის უნივერსიტეტი არ არის, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს. [...] მისი რექტორი იყო თავის დროზე ირანში ის კაცი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა. [...] ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა."

ასევე, გუბაზ სანიკიძემ TV ფორმულაზე თქვა, რომ "საქართველო არის გაგლეჯილი ტომარა, უძირო, გატეხილი ქვევრი. ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა, გამოდის. სუნიტები, შიიტები, არაბული სამყარო, ირანული სამყარო".

6 მარტს ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც "მსგავს განცხადებებს" აკეთებენ, არიან მოღალატეები და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

"პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ, მტრული ნაბიჯები როგორ გადადგან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ცილისწამება და სიცრუე. იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ." - თქვა კალაძემ. 

კომენტარები