ქართული ოცნების დეპუტატის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, "ჩემთვისაც და მგონი ყველასთვის უცნაური იყო ასეთი სწრაფი დეპეშა მორიგე მოსამართლის მხრიდან". ქანთარიამ ევროსასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება შეაფასა.
"როგორც ჩანს, [ევროსასამართლო] მართლა შეშფოთდა და შეშინდა. შეიძლება რუსთავი 2-მა იმედის დარბევის კადრებიც კი გადაუგზავნა. არ ვიცი, მე ვფიქრობ ამას. მართლაც სწრაფი, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო. მეორე მხრივ, ვფიქრობ, კარგია, რომ ეს დარჩა სამართლებრივ სივრცეში", - ამბობს ქანთარია.
ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა. 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ გადაწყვიტა, "მხარეების ინტერესების გათვალისწინებისა და საქმის წარმოების სწორად წარმართვისთვის, მიუთითოს საქართველოს ხელისუფლებას, 39-ე მუხლის თანახმად, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს აპლიკანტი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან".
აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.





