რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: რა თქმა უნდა, ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება რუსთავი 2-თან დაკავშირებით. წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არის მხარე, რომელსაც წარმოადგენს იუსტიციის მინისტრი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პროცედურებს, თუმცა ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ევროსასამართლოში მიღებული იყო ერთპიროვნულად, მორიგე მოსამართლის მიერ.

"რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია ადვოკატი ქალბატონი მურადაშვილით, როგორც ამას იტყობინება სტრასბურგის სასამართლო. რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს და მოითხოვა შემდეგი: 

1. საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას;

2. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა;

3. აეკრძალოს ხელისუფლებას, შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

რუსთავი 2-მა ამ 3 მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადება, მათ შორის, სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, EPP-ის წევრების, გუშინდელი ამერიკის საელჩოს განცხადება, ჩვენ შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადახვა განცხადება და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი, ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ.

სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარიც არის უცნობი (პროცედურა ასეთია) და ისე, რომ ჩვენ, მეორე მხარე, მოპასუხე მხარე, არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვნილი დღის განმავლობაში არ ყოფილა. მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

არა საქმის დასრულებამდე, არამედ, 8 მარტამდე, ამ წლის, მიღებული იქნეს სასჯელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება, ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე (იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე, განიხილავს მოცემულ საქმეს, რადგან მას ამ მოცემულმა მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი. 

ეს არის სულ, რაც მე დღეს შემიძლია, გითხრათ. საქართველოს მთავრობა არის მხარე, მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, რომ დღეს საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები, რა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარემ, ვინ განიხილა და რა პროცედურის მიხედვით მათი მოთხოვნები და რაში მდგომარეობს გამოყენებული ღონისძიება და რა ვადამდე მოქმედებს ის. 

რაც იქნება მერე, ისმის კითხვა. მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და არა უკვე ერთპიროვნული მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ მიმართულებით გამოხატვის ფორმის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება, და საერთოდ, შენარჩუნდეს თუ არა, ეს გადაწყვეტილება. 

რა თქმა უნდა, ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს," - განაცხადა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე. 

 

კომენტარები