რუსთავი 2-ის საქმე

TI რუსთავი 2-ზე: ეს არ იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით განხილული დავა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშსა (60%) და შპს „პანორამას” (40%) მიეკუთვნა. TI-ის შეფასებით, "ეს არ იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით განხილული დავა". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2-ის საქმე ოპოზიციურად განწყობილი მედიის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს დემოკრატიის ხარისხს საქართველოში".

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ კერძო ტელეკომპანიას, რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენლები ნეგატიურ განწყობას არ მალავდნენ. TI-ის შეფასებით, „რუსთავი 2”-ის მაღალი რეიტინგი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა საქმეში ხელისუფლების პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს.

"2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არხის სარედაქციო პოლიტიკის მოსალოდნელი ცვლილება შესაძლოა გადამწყვეტი დარტყმა აღმოჩნდეს თავისუფალი მედიისთვის. მოვლენათა ასეთი განვითარება აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანაში პლურალისტულ მედია გარემოს. ეს, თავის მხრივ, უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე, შელახავს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალს" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რაც კითხვებს აჩენს სამივე ინსტანციაში წარმართულ პროცესთან და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

საქმის განხილვის ყველა ეტაპზე საზოგადოებაში არსებობდა კითხვები მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, პირველ ინსტანციაში გამოითქვა ეჭვი, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მასზე ზეწოლისათვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. „რუსთავი 2”-ის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოშიც. ასევე, საქართველოს პროკურატურა იძიებს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორი მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის „რუსთავი 2”-ის ეთერიდან გახდა ცნობილი. გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას წინ უძღოდა ინტერნეტის საშუალებით წარმოებული კამპანია და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციის მხრიდან მოსამართლეებზე ზეგავლენის მცდელობასთან დაკავშირებით. მოვლენების ამგვარი განვითარება მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედებები შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი მიმართულებით ფორმირებას ემსახურებოდა.

დიდმა პალატამ გადაწყვეტილება უკიდურესად მოკლე ვადაში მიიღო

2016 წლის 22 ნოემბერს „რუსთავი 2”-ის საქმის განმხილვევლმა პალატამ საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცა. დიდი პალატის შემადგენლობა მხოლოდ 3 დღის წინ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდამდე დიდი პალატის შემადგელობა განსაზღვრული არ იყო, რაც გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა. გაუგებარია, როგორ მოახერხა ახლად შექნილმა შემადგენლობამ მრავალტომიან საქმეზე გადაწყვეტილების მიღება სამ დღეში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის საფუძველი სწორედ მისი სირთულე გახდა და ის, რომ  საქმე თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენდა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ან დიდი პალატის შემადგენლობა მის გამოცხადებამდე გაცილებით ადრე იყო ცნობილი და მოსამართლეებს საქმის მასალები გადაცემული ჰქონდათ ან/და გადაწყვეტილება წინასწარ იყო მომზადებული გამოსაქვეყნებლად.

საქმის განხილვის დაწყების დღიდან არსებობს კითხვები საქმის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით

ვერ გაიფანტა სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში „რუსთავი 2”-ის საქმის პოლიტიკურ კონტექსტთან მიმართებით არსებული ეჭვები. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისოორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობენ. განსაკუთრებით შემაშფოთებლად შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლო განჩინება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. არსებობს კითხვები როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან, ასევე სასამართლო პროცესების წარმართვის უკიდურესად სწრაფ ტემპთან დაკავშირებით.

მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამობაშია თავად უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან

დიდი პალატის გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს საქმეზე(№ას-1224-1149-2015) უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2016 წლის 20 მაისის პრეცედენტული გადაწყვეტილებისგან. დღევანდელი განსხვავებული მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საქმის მიმართ არსებულ შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ დაასაბუთებს სასამართლო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები