რუსთავი 2-ის საქმე

ქარტია: სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ეთიკის ქარტიის შეფასებით, გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში.

საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა", - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია".

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები