რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: ალბათ, რ2-ში უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით

ipress.ge

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ში მისვლას უახლოეს მომავალში აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით. ალბათ, უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით, დღეს და ხვალ. 

ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში უპირისპირდება სახელმწიფოს და არა მე. ძალის გამოყენება, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ძალით დაუპირისპირდება, ასეთი რამ პრაქტიკაში საქართველოში არ არსებობს, არ ვიცი, ხელისუფლება მოახერხებს თუ არა. ჩვენ თვითონ ჩვენს თავზე გვაქვს განცდილი უკანონობა - დაგვიწვეს, წაგვართვეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს, შემდეგ აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ იმიტომ, რომ სახელმწიფო იყო უკანონოდ ჩვენ წინააღმდეგ", - ამბობს ხალვაში.

ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ტელეკომპანიის გაყიდვას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

"არ მითქვამს, რომ ვყიდი. არ ვაპირებ უახლოეს მომავალში და ვთქვი, რომ ვერ შეგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება რუსთავი 2-ის მფლობელი ვიქნები-მეთქი. ჯერ უნდა შევაფასო, გავაკეთო და ბიზნესი თუ მომგებიანია, წარმატებული იქნება - იქნება, თუ არადა, უკეთესი ადამიანი, ვინც ამას უკეთესად გააკეთებს, მიყიდი და იქნება. ჩვეულებრივი კომერციაა", - ამბობს ხალვაში.

ქიბარ ხალვაშისვე თქმით, "ვისაც რუსთავი 2-დან უნდა წასვლა, ყველა წავა. ვისაც დარჩენა უნდა, დარჩება".

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ, წინა ორი ინსტანციის მსგავსად, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კომპანია პანორამას მიაკუთვნა.

კომენტარები