რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თავად შევთავაზებდი გვარამიას მოლაპარაკებას

ქიბარ ხალვაში

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას პასუხობს და აცხადებს, რომ "ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას". ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს მიმართა, ტელეკომპანია გადასცეს რუსთავი ორის კოლექტივს და თანხას თავად გადაუხდიან.

"გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი, პრობლემების დროს მოლაპარაკებას, ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას" - თქვა გურიანიუსთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა და აღნიშნა, რომ არც გვარამიაა "მოლაპარაკებების მეტრი".

"ვიცით, რომ მილიონები მისთვის minor issue არის ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს" - ამბობს ხალვაში.

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქიბარ ხელვაში სასამართლოში დაობდა 7 მილიონზე ოდნავ მეტ ლარზე.

"ჩვენ დავთვალეთ - ეს არის 4 209 397 დოლარი იმ დროის მდგომარეობით, იმ კურსით. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა, დარჩენილ 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ, ხომ უნდა გაყიდვა ტელეკომპანიის? ხომ უნდა შენარჩუნება ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მისი კურსის? მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს - საქართველოს ხელისუფლებას, ამ ადამიანებს გადაეცით 100% რუსთავი ორის და თქვენს კომერციულ ინტერესს დავაკმაყოფილებთ ჩვენ" - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ეს არის რუსთავი ორის ბოლო სიტყვა.

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები