რუსთავი 2-ის საქმე

წიკლაური: დიქტატურის წინააღმდეგ შევქმნით ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, "თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის დიქტატურა, დიქტატურის წინააღმდეგ, აუცილებელია, შესაბამისი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება". წიკლაურმა განაცხადა, რომ "სწორედ ამას აპირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ამას აპირებენ ის პარტიები, რომელიც შედიან საკოორდინაციო საბჭოში". მისი თქმით, მოძრაობა იქნება პარტიული კუთვნილების გარეშე.

"ამ მოძრაობაში ადამიანები არ მოვლენ იმის მიხედვით, რომელ პარტიაში იყვნენ. ამ მოძრაობაში არ იქნება კომპრომისი იმ ვითარებასთან, რაც დღეს ქვეყანაში შეიქმნა. ვუერთდები ყველა იმ ადამიანის გამონათქვამს, ვინც ახსენა აქ სიტყვა "ერთობა" - თქვა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ "ახლა ჩვენ წინ გვიდგას სახელმწიფოს გაუქმების საფრთხე, ამ საფრთხეს აქვს კონკრეტული სახელი და გვარი - ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ერთიანობა მიმართული უნდა იყოს იქით, რომ შევაჩეროთ ის ადამიანი, ვინც აუქმებს ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს".

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები