რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: ცვლილებების გეგმა არ მაქვს, არც გვარამიასთან დაკავშირებით

ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში ფიქრობს, რომ თანამშრობლებს არ აქვთ პროტესტი მის მიმართ და ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არის თავსმოხვეული - ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

"მე ვიღებ მოლოცვას იმიტომ, რომ ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დასრულდა - ბრძოლა სიმართლისთვის. ვხედავ, რომ პროტესტი არის ორგანიზებული. ვხედავ, რომ ეს არ არის თანამშრომლების და კოლექტივის აზრი. მე ვფიქრობ, რომ ეს თავსმოხვეულია მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ყველაფერი დაწყნარდება და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის", - ამბობს ხალვაში.

ქიბარ ხალვაში თვლის, რომ მან იმაზე ნაკლები ქონება დაიბრუნა, ვიდრე შეიძლებოდა მისი მმართველობის ხელში რუსთავი 2-ს დღეს ჰქონოდა.

"მე ვთვლი, რომ იმაზე ნაკლები დავიბრუნე, ვიდრე ჩემგან წაიღეს, იმიტომ, რომ 2004-2006 წლებში ბიზნესი წამოწყებული იყო და არავინ იცის რა დონეს მიაღწევდა. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

მინდა, მაყურებელს შევახსენო, რომ 2006 წლის ანგარიშით რუსთავი 2-მა ყველაზე მეტი მოიგო, ვიდრე მომავალ წლებში. მაშინ იყო მოგებაზე ორიენტირებული და უბრალოდ, მე არ ვერთვებოდი პოლემიკაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ წამგებიანი კომპანია ჩააბარა და მომგებიანი მიიღო. ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ეს ბალანსები გადაიხედოს და როდის იყო ყველაზე მომგებიანი კომპანია, საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს.

თუ ეს დავალიანებები ხელოვნურად არის შექმნილი, ამას ჰყავს გადაწყვეტილების მიმღები და ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით აგებს პასუხს. როდესაც ჩვენ დაგვაყადაღეს და გაგვიჩერეს, მეორე დღეს დაკეტეს კარი და ხალხი უმუშევარი დატოვეს და არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ ქვეყანასთან ანგარიშსწორება გაგვეკეთებინა, დაგვიგროვეს ვალები, გაგვაკოტრეს და დაგვტოვეს უმუშევარი. დღეს მგონი კანონიერება არსებობს და მაგ ვალების დამგროვებლები შესაბამისად აგებენ პასუხს. აქედან გამომდინარე, რ2 ვალების მატარებელია თუ აქტივების მატარებელია, ამას შემოწმება სჭირდება და ვფიქრობ, რომ ის უფრო მეტი აქტივის მფლობელია, ვიდრე ვალის", - ამბობს ხალვაში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელეკომპანიის მენეჯმენტში და მიიღებენ 50%-იან წილს, ხალვაში პასუხობს, რომ "სულ ბოლო შეხვედრის დროს, ბატონმა დვალმა უარი განაცხადა მენეჯმენტში მონაწილეობაზე, ჩვენს შეხვედრაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმან გადაიფიქრა და სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის, მენეჯმენტში მონაწილეობა მიიღოს. ჩემთვის სიურპრიზი იყო გუშინწინდელი განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით. ბოლოს ისე დავშორდით, ვთხოვდი, რომ თუ დავაბრუნებდი, თვითონ მონაწილეობა მიეღო და უარი განაცხადა. იმედია, თავისი ყოფილი კოლექტივის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოადგება რუსთავი 2-ს. დირექტორთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყოს ვინმე კონკრეტული იმიტომ, რომ თანხმობა არის საჭირო. შეირჩევა საუკეთესო ადამიანი, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის. დავით დვალი ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. წილს ზუსტად ისე გავყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ. ეს კიდევ სალაპარაკო თემაა და შეიძლება სულ დავუთმო. "სულ არ დავუთმო"-ზე არ არის საუბარი".

ქიბარ ხალვაშის თქმით, თანამშრომლების ცვლილებასთანდაკავშირებით მას გეგმები ჯერ არ აქვს.

"არავითარი გეგმა არ მაქვს რომელიმე ცვლილების ჩატარების, თქვენ წარმოიდგინეთ, გვარამიასთან დაკავშირებითაც. [გვარამიას დირექტორად დატოვების] ძალიან მცირე შანსია. ვფიქრობ, რომ გვარამიასთვის მე პიროვნულად შეუთავსებელი ადამიანი ვარ და ვერ ითანამშრომლებს. მე არ ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას პოლიტიკური ტელევიზიის ჩამოყალიბებისთვის. დღეს გვარამია არის მიშა სააკაშვილის ინტერესის გამტარებელი. ურეკავს ადეიშვილს და მიშას. ელაპარაკება, იღებს დამსახურებულ ხელფასს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომელიც იგივეს გაუკეთებს გვარამიას, რასაც დღეს უკეთებენ].

კომენტარები