რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება

ქიბარ ხალვაში

ტელეკომპანია პირველის ეთერში ქიბარ ხალვაშს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გაყიდვას. მისი თქმით, ის არ არის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება.

"მე ვარ კომერსანტი. ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ დავიცვა პარტიული ინტერესი ან გავამრავლო ჩემი ქონება, ეს პრაქტიკაში არსებობს. 2 წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი, ის არ გამომიყენებია არცერთი კონკურენტის წინააღმდეგ, არ გამიკეთებია არცერთი კრიტიკული გადაცემა რომელიმე ბიზნესის საწინააღმდეგოდ, ასე რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ გაყიდვას, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები", - ამბობს ხალვაში.

ხალვაშს ჟურნალისტმა ჰკითხა, "თუ მხედველობაში მივიღებთ ყველაზე მდიდარ ქართველს და თუ შემოგთავაზებენ ისეთ თანხას, რამდენადაც გეღირებათ, რომ რუსთავი 2 გასცეთ, იქნებით თუ არა თანახმა?

"მე მახსოვს პერიოდი, როდესაც პატარკაციშვილს სთავაზობდნენ რკინიგზას ტელევიზიის სანაცვლოდ. ყველაფერი ფული არ არის. ყველაზე მდიდარი ადამიანები ცნობილი არიან იმით, რომ ყველაზე მეტს არ იხდიან. ის ყველაზე კარგი მყიდველი არ შეიძლება იყოს აპრიორი. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია და არავითარი პრიორიტეტი და არავითარი ასეთი განზრახვა არ არსებობს", - თქვა ხალვაშმა.

კომენტარები