ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი: ჩვენმა ომბუდსმენმა სტრასბურგში მერაბიშვილის სასარგებლოდ მისცა ჩვენება

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე ვანო მერაბიშვილის საქმეზე მერაბიშვილს მოწმედ ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი დაუდგა და მის სასარგებლოდ ჩვენებაც მისცა. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"სიახლე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენს მოწინააღმდეგე ვანო მერაბიშვილის მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი. მან გაგზავნა მოწმის ჩვენება ბატონი ოთარ კახიძის ხელით, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატია, სადაც ის მხარს უჭერს და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე", - თქვა წულუკიანმა.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია კი მეტ განმარტებას ითხოვს.

"სახალხო დამცველის მხრიდან, ვფიქრობ, რომ განმარტება უნდა გაკეთდეს რისი მოწმე არის ომბუდსმენი, იმიტომ, რომ ფაქტი, რომელზედაც მიმდინარეობდა გამოძიება, არ დადასტურდა გამოძიებით. რაც შეეხება სახალხო დამცველის მოწმის სახით დასახელებას ვანო მერაბიშვილის მხრიდან, ამაზე გვჭირდება მეტი განმარტება, რისი მოწმეა უჩა ნანუაშვილი", - თქვა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

8 მარტს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაიმართება ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა. 2016 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება.

ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დარღვეულია ივანე მერაბიშვილის უფლებები. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებასთან.

კომენტარები