თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის ფაქტზე, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არტურ მარტინ ბლაუ დამნაშავედ ცნო და მას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ არტურ მარტინ ბლაუს მის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა გადამზიდი კომპანია შპს „AB Anneson Akeri“, რომელსაც 2016 წლის ივნისის თვეში ირანიდან ჰოლანდიაში ბრინჯი უნდა გადაეზიდა.
"ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო არტურ მარტინ ბლაუს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანით. გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომანქანის მისაბმელში, ნარკოტიკული საშუალების შენიღბულად გადაზიდვის მიზნით სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი, რომლითაც არტურ მარტინ ბლაუს საქართველო-უკრაინის სატრანზიტო გზით ნიდერლანდების სამეფოში ნარკოტიკული საშუალება უნდა გადაეზიდა.
2016 წლის 13 ივნისს სამართალდამცველებმა არტურ მარტინ ბლაუ ბათუმის პორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, ხოლო ავტომობილის მისაბმელის იატაკში მოწყობილი სამალავიდან ამოღებულ იქნა 356 ნაწილად დაფასოებული 177კგ და 750,8 გრ. ფხვნილი, რომელიც კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს წარმოადგენდა. აღნიშნულ ფხვნილში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა 96კგ და 598,67გრ. შეადგენდა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.





