გიორგი მამალაძის საქმე

საია მამალაძის საქმეზე: ნუ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას

საია
gyla.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და პროკურატურას მიმართავს, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები. გარდა ამისა, საიას განცხადებით, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად.

"დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს, მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს.

გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა", - აცხადებს საია.

პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

ორი დღის წინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და ისინი საქმის შინაარსზე ვერ საუბრობენ. ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს, მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები.

კომენტარები