გიორგი მამალაძის საქმე

პატრიარქის განცხადება არასრულად გამოქვეყნდა

Sergey Pyatakov / RIA Novosti

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის განცხადება არასრული სახით გაავრცელა. ილია მეორეს მიმართვიდან ამოჭრილი იყო ტექსტი, სადაც ის მამა გიორგი მამალაძეზე ამბობს: "რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?" განცხადების სრული ვერსია ტელეკომპანია ობიექტივმა გაავრცელა.

ილია მეორეს მიმართვის სრული ტექსტი:

"სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება",- ამბობს ილია მეორე.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ილია მეორის განცხადება ორ ნაწილად გაავრცელა. პირველსა და მეორე ნაწილს შორის ილია მეორე გიორგი მამალაძეზე ამბობს - "რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?", ეს მონაკვეთი ეპარქიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში არ მოხვდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ გავრცელებული ორივე ვიდეომიმართვა:

კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში 20 თებერვალს 18:00-ზე დაბრუნდება. ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია. 

კომენტარები