რუსეთი

ვინ დაკარგა რუსეთი? როგორ შევიდა მსოფლიო ახალ ცივ ომში? პეტერ კონრადის წიგნის მიმოხილვა

"ევროპაში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ეს არის წიგნი, რომელიც აშშ-ის ახალმა ლიდერებმა უნდა წაიკითხონ", - ამბობს ედვარდ ლუკასი.

ევროპის თავისუფლება და სიმშვიდე მოულოდნელად საფრთხის ქვეშ დადგა. 2014 წელს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი და პოლონეთი, რუსეთს რეალურ სამხედრო საფრთხედ აღიქვამენ. რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შემდეგ, შპიონაჟის, პროპაგანდის, მოქრთამვის, შანტაჟისა და დაშინებების კრემლისეულმა კოქტეილმა ისეთი ქვეყნებიც კი შეაშინა, როგორებიც ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი არიან.

მართალია დაგვიანებით, მაგრამ დღეს უკვე ყველა განცვიფრებულია, თუ როგორ მოვხვდით ამ არეულობაში. კონრადის წიგნი არის დროული ანგარიში იმ დიპლომატიური ისტორიისა, რომელიც სულ უფრო ემსგავსება ახალ ცივ ომს.

საქმე გვაქვს ფუნდამენტურ პრობლემასთან. რუსეთი ფიქრობს, რომ ისტორია და გეოგრაფია მას განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებს. ამავდროულად, მისი მეზობელი ქვეყნების ძირითადი ნაწილი თავს დამოუკიდებელ და პროდასავლურ სახელმწიფოებად აღიქვამს. შედეგად ვიღებთ ინტერესთა ისეთ შეჯახებას, რომელიც დიალოგით ვერ გადაიჭრება. ერთი მხარე გაიმარჯვებს, მეორე კი დამარცხდება.

დროთა განმავლობაში პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა - რუსეთი უფრო მდიდარი და თავდაჯერებული გახდა. დემოკრატიული ძვრები უკრაინასა და სხვა ქვეყნებში კრემლის ავტორიტარული და ქრონი-კაპიტალისტური რეჟიმისათვის კიდევ უფრო სერიოზულ საფრთხედ იქცა.

კონრადი წარმოადგენს მტკიცებულებებს მითებისა და მცდარი წარმოდგენების გასაქარწყლებლად. NATO-ს გაფართოება არ იყო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის მიცემული დაპირების დარღვევა. 2014 წელს კიევში პრორუსული იანუკოვიჩის რეჟიმის ჩამოშლა გადატრიალება არ ყოფილა: პრეზიდენტი უბრალოდ გაიქცა.

წიგნის მთავარი ნაკლი სათაურია. რუსეთი ტერიტორიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა. ის არ არის ჩემოდანი. ის შეიძლება უგულებელყო, გაათამამო ან შეაკავო, თუმცა არა - დაკარგო. მისი ბედი დროსთან ერთად იცვლება და მთლიანად რუსეთისვე ხელშია და არა დასავლეთის. საუკუნეების განმავლობაში ქვეყანამ გამოსცადა ევროპასთან საქმიანი ურთიერთობაც, დაკვირვების რეჟიმი, იზოლაცია და დაპირისპირებაც კი.

უშუალო სურათი არასახარბიელოა. რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინასთან. იგი ძირს უთხრის სტაბილურობას ბალკანეთში. იგი რეგულარულად ემუქრება ბალტიის ქვეყნებს უეცარი სამხედრო წვრთნებით და ამით, ნერვებზე თამაშთან ერთად, ამ რეგიონში NATO-ს ჯერაც არასაკმარის სამხედრო ყოფნას ააშკარავებს. მას უპირატესობა აქვს საჰაერო თავდაცვასა და სწრაფად განთავსებად ტაქტიკურ ბირთვულ იარაღში. ევროპის გამოფიტული სამხედრო ძალები გარეთ მტერს უბრმავებს თვალს, ხოლო შიგნით მოყვარეს უხეთქავს გულს. აშშ-ის დახმარების გარეშე ისინი ხანგრძლივი სამხედრო წინაღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ. რუსეთმა ეს იცის. ეს ვიცით ჩვენც.

რუსეთის არსენალში მხოლოდ სამხედრო ძალა არ შედის. რუსეთი კარგად იყენებს კიბერთავდასხმებს. შეუძლია დააზიანოს ინფრასტრუქტურა (როგორც ეს უკრაინაში მოხდა), პირდაპირი ეთერიდან გათიშოს მაუწყებლობა (საფრანგეთში 2015 წლის აპრილში ჰაკერული თავდასხმა TV5Monde-ზე), მოიპაროს პოლიტიკურად მგრძნობიარე იმეილები (აშშ, ჩეხეთი, გერმანია).

რუსეთს უფრო ეფექტურად გამოსდის დივერსია და უკეთ იყენებს პროპაგანდას, ვიდრე ამას საბჭოთა კავშირი ახერხებდა. კომუნიზმი რთულად გასაყიდი პროდუქტი იყო, კრემლის პროპაგანდა კი მარტივად ავრცელებს დაბნეულობასა და ცინიზმს, ანგრევს რწმენას და ერევა გადაწყვეტილების მიღებაში.

მიუხედავად ამისა, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველიც. რუსეთს წარსულის საზარელი სტანდარტებიდან გამომდინარე თუ შევხედავთ, 1991 წლის მომდევნო 25 წელი მაინც შეუდარებელი თავისუფლების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხანაა. ბევრი მიიჩნევს, რომ რეჟიმის არაკომპეტენტურობა და კორუფცია მომაბეზრებელია.

მეტიც, პუტინის რეჟიმის ანტიდასავლური რიტორიკა ცარიელია. სწორედ ლონდონი, ნიუ იორკი და პარიზია ის ადგილები, სადაც რუსული ელიტა შვილებს განათლების მისაღებად გზავნის, საკუთარ ბინძურ ფულს აბანდებს და, ხშირად, პენსიაზე გასვლას გეგმავს. ეს გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია რუსეთის შეჩერება, თუკი ეს გვსურს: კრემლის ამფსონებს (და მათი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს) ავუკრძალოთ დასავლეთში ჩამოსვლა, დავუყადაღოთ და ჩამოვართვათ ქონება.

წიგნი მხოლოდ მოიგებდა, უფრო დეტალურად რომ მიმოეხილა კრიმინალის და კორუფციის როლი რუსულ პოლიტიკაში. ძალოვნების ნაციონალიზმსა და კორუფციონერების მერკანტილურ ინტერესებს შორის დაპირისპირება, დასავლეთში, რუსეთის მკვლევართათვის ყველაზე დამაინტრიგებელი და აქტუალური თემაა.

წიგნს აკლია ადგილებიდან მოწოდებული რეპორტაჟი. ავტორი The Sunday Times-ის საერთაშორისო რედაქტორია. თავისი კორესპონდენტისგან ასეთი მასალის მიღების შემთხვევაში, ალბათ უკან დაუბრუნებდა მეტი კონკრეტიკის დამატების თხოვნით, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების შესახებ, რომლებიც დღესდღეობით ევროპის სამანს წარმოადგენენ.

საგამომცემლო საქმის დროტევადობის მიუხედავად, წიგნი საკმაოდ თანამედროვეა. მასში შესულია ტრამპის გამარჯვებაც და ნავთობმაგნატი ტილერსონის სახელმწიფო მდივნად დანიშვნაც. ეს ცალკე წიგნის თემაც შეიძლება გახდეს. ახალი ადმინისტრაციის გაურკვეველი პოლიტიკა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პოტენციურად, კატასტროფული ცვლილებების კატალიზატორად შეიძლება იქცეს.

როდესაც რუსეთს მტკიცე და ერთიანი დასავლეთი უპირისპირდება, ის ყოველთვის უკან იხევს, სისუსტე და გათიშულობა რუსეთს მეტი ავანტიურებისკენ ახალისებს. ტრამპის დაუფარავ აღტაცებას პუტინისადმი, ემატება მისი უპასუხისმგებლო არაკომპეტენტურობა, რაც ერთობლიობაში კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ქმნის. უკანასკნელი 6 დეკადის განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების მთავარი საყრდენი აშშ-ის ლიდერობა და შეკავების პოლიტიკა იყო. სულ რამდენიმე კვირაში ახალმა პრეზიდენტმა ამ ყველაფერს თავისი დაუდევრობით საფუძველი შეურყია.

ზოგს ეშინია პირდაპირი ღალატის, საბრალო ევროპის ზურგს უკან ამერიკისა და რუსეთის შეთანხმების შედეგად. უფრო რეალისტური საფრთხე, ახალი ადმინისტრაცია, კრიზისით გამოცდას ვერ გაუძლებს და ან გაუბედავი მოქმედებით NATO-ს სანდოობას შეარყევს, ან გადამეტებული რეაქციით შემთხვევითი ომის პროვოცირებას გამოიწვევს. განერვიულებულ ევროპელებს ალბათ სურთ, კონრადის წიგნი თეთრ სახლს გაუგზავნონ.

კომენტარები