გიორგი მამალაძის საქმე

ბაქრაძე: შესაძლოა, მთავრობას საპატრიარქოზე გავლენის გაძლიერება სურს

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბაქრაძის თქმით, 5-დღიანი მოლოდინის და დაზაფვრის იმით დასრულება, რომ არაფერი არ იგეგმებოდა, სცილდება საღი აზრის ფარგლებს.

"5 დღეა, მთელი საქართველო დაზაფრული ისმენს ინფორმაციას საქართველოს პატრიარქზე შესაძლო შეტევის და მისი მოწამვლის შესახებ. 5 დღეა, თითოეული ჩვენგანი ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად დაცულია მისი უწმიდესობის უსაფრთხოება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები საქართველოს პრემიერმინისტრისგან, ვიცეპრემიერისგან, იუსტიციის მინისტრისგან, უმრავლესობის წევრებისგან... ყველა საუბრობდა იმ უმძიმეს დარტყმაზე, რომელიც ქართული ოცნების მთავრობამ ააცილა ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას. იმ უზარმაზარ ზარალსა და ზიანზე, რომელსაც გადაურჩა საქართველო. დღეს კი, პროკურატურის მიერ გაირკვა, რომ თურმე უწმიდესზე რაიმე ტიპის ტერორისტული აქტი, შეტევა ან მოწამლვის მცდელობა არც კი იგეგმებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც არც კი ვიცი, როგორ შევაფასო ეს ფაქტი. ამ საკითხზე 5-დღიანი დაზაფვრის დასრულება იმით, რომ თურმე არც არაფერი არ იგეგმებოდა, სცილდება საღი აზრის ფარგლებს. რა თქმა უნდა, არავის არ გვაქვს იმის პრეტენზია, ჩავთვალოთ, რომ დღეს რაიმე სახის ნდობა გააჩნია ივანიშვილის პროკურატურას საზოგადოებაში, მაგრამ, ის, რაც დღეს მოვისმინეთ, სცილდება ამ ფარგლებსაც კი", - ამბობს დავით ბაქრაძე.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ლიდერს ორი შესაძლო ვერსია აქვს მომხდართან დაკავშირებით.

"მიჭირს, რაიმე საღი აზრის გამართლების მოძებნა, მაგრამ, ალბათ, არსებობს 2 შესაძლო ვერსია: 1. პროკურატურამ საერთოდ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება, დაწყებული პრემიერმინისტრით და დამთავრებული საპარლამენტო უმრავლესობით. უბრალოდ, არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია, თუ რა გამოძიება იყო და რაზე ესაუბრათ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ეს უაღრესად საგანგაშოა. თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერმინისტრი და მთავრობა; 2. ამ თემის გამოყენებით და პატრიარქის სახელის სპეკულირებით მათ სურდათ, შეექმნათ ტალღა, რომელიც გადაფარავდა ქვეყანაში სხვა თემებს და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ დისკუსიას, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვისმენთ ამ დღეებში საპატრიარქოს გარშემო. ასეთი დისკუსია აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს. საბოლოო ჯამში, შეიძლება, ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე", - თქვა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ "რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს - არის ეს პროკურატურის არაპროფესიონალიზმი და მთავრობის აბუჩად აგდება, თუ მთავრობის მხრიდან ამ თემის აჟიტირებით საპატრიარქოზე გავლენის გაზრდის მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია. როგორც პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი და ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიულად მოვითხოვ, გასაჯაროვდეს ყველა ის ინფორმაცია, მათ შორის ის ჩანაწერებიც, რომლითაც აპელირებდა პროკურატურა და ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს, რასთან გვქონდა საქმე ამ დღეების განმავლობაში".

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის. პროკურატურაში ამბობენ, რომ განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა", ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფოს წინაშე", იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა: „ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არამხოლოდ ეკლესიის, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის".

გარდა ამისა, განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. დეპუტატები ხაზს უსვამდნენ პატრიარქის დაცვის გაძლიერებას. ეკა ბესელიას თქმით, "მზადდებოდა მძიმე დანაშაული".

კომენტარები