საქართველოს საპატრიარქო

პრეზიდენტი: გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს, ვინ იყო დანაშაულის შემკვეთი

პატრიარქი ილია მეორე და გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/pg/PresidentMargvelashvili

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ იყვნენ ამ დანაშაულის შემკვეთები.

"შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქმეზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, თუმცა, "საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე", პროკურატურა მათ გასაჯაროებას და "დეტალებზე საუბარს" არ აპირებს. შოთაძის თქმითვე, ამ ეტაპზე, დანაშაულის სავარაუდო მოტივი - ანგარებაა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქმეს "არანაირი გრიფი საიდუმლო არ ადევს". 

ამასთან, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა დღეს თქვა, რომ ილია მეორეს მისი შესაძლო მოწამვლის ვერსიის არ სჯერა.

კომენტარები