საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: საზმაუს პარლამენტის ტრანსლირება არცთუ ისე პატარა თანხა უჯდება

ტაბულა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა პარლამენტის სხდომების ტრანსლირება აღარ განახორციელოს. არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერის თქმით, მაუწყებელს ამის ვალდებულება აღარ აქვს და ტრანსლირება „არცთუ ისე პატარა თანხა უჯდება.“ თუმცა მაღლაფერიძეს არ დაუკონკრეტებია გააგრძელებს თუ არა მაუწყებელი პარლამენტის სხდომების ტრანსლირებას.

„როცა ჩავხედეთ აღმოჩნდა, რომ პარლამენტიდან ტრანსლირება კანონით არ არის განსაზღვრული. კანონით არ ევალება პარლამენტიდან ტრანსლირება. მე ხომ ვერ გადავწყვეტ ერთი ადამიანი, გინდათ რომ მე გადავწყვიტო?! მე ხომ ვერ გადავწყვეტ უნდა იყოს თუ არა, მაგრამ პარლამენტიდან ტრანსლირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მას ეს უჯდება არცთუ პატარა თანხა.“ - ამბობს მაღლაფერიძე.

საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ ტრანსლირების ვალდებულება არ აქვს ადასტურებს სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე. თუმცა მსხილაძის თქმით, მას მიაჩნია, რომ პარლამენტის სხდომების ტრანსლირება უნდა გაგრძელდეს და საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მათ.

„ვალდებულება ნამდვილად აღარა აქვს იმიტომ, რომ იმ მემორანდუმის ვადა, რომელიც ხელისუფლებასთან რამდენიმე წლის წინ გაფორმდა, ამოიწურა. ეს მემორანდუმი პარლამენტის სხდომების ტრანსლირების გარდა სხვა ფორმატის გადაცემების მომზადებასაც ითვალისწინებდა - მოკლედ თუ ვიტყვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ამერიკული C-SPAN-ის მსგავს არხად გარდაქმნას. ეს ფორმატები მოძველდა და მე-2 არხის გადაცემებს მოდიფიცირება სჭირდება. თუმცა, ეს მოდიფიკაცია, ჩემი აზრით, პარლამენტის სხდომებს არ უნდა შეეხოს. მიმაჩნია, რომ პარლამენტის სხდომების ტრანსლირება უნდა გაგრძელდეს და საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მათ. სხვა გადაცემები უნდა გადაიხედოს და განახლდეს.“ - ამბობს მსხილაძე.

პარლამენტის კომიტეტების სხდომებსა და სესიებს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს.

კომენტარები