ბლოგი

სახელმძღვანელო: როგორ გავუჩეროთ ქონება სხვებს?

წარმოიდგინეთ, რომ გინდათ, ვინმეს შეუზღუდოთ საკუთრების უფლება. რატომ? – შეიძლება მტრულად ხართ განწყობილი, ან უფროსმა დაგავალათ, ან ამით ფინანსურად ხეირობთ, ანდაც უბრალოდ ასე ერთობით.

რას აკეთებთ ასეთ დროს?

ნაბიჯი 1: წერთ განცხადებას, სადაც გაურკვეველი საფუძვლებით ითხოვთ პირის (რომელსაც ერჩით) ქონებაზე ყადაღის დადებას. მიდიხართ საქალაქო სასამართლოში და აბარებთ განცხადებას.

ნაბიჯი 2: სასამართლოში იღებთ განცხადების ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს – სარეგისტრაციო ფურცელს. იღებთ მას და ხელში ფურცელაფრიალებული მიდიხართ იუსტიციის სახლში.

ნაბიჯი 3: იუსტიციის სახლში წარმოადგინეთ სასამართლოში აღებული სარეგისტრაციო ფურცელი და დაწერეთ განცხადება, სადაც მოითხოვთ პირის (რომელსაც ერჩით) ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციას.

ნაბიჯი 4: თქვენ ამისთვის მხოლოდ 1 საათი დაგჭირდათ. შემდეგ დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. იუსტიციის სახლი რამდენიმე დღეში თქვენი განცხადების სარეგისტრაციო წარმოებას შეაჩერებს. თქვენს განცხადებას დაახარვეზებს და გეტყვით, რომ დოკუმენტები სრულად არ გაქვთ წარმოდგენილი. კანონის საფუძველზე, ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღეს მოგეცემათ.

ამის შემდეგ, წარმოსადგენი გაქვთ სასამართლოს განჩინება ყადაღის დადების შესახებ. ცხადია, სასამართლო ასეთ განჩინებას არ გამოსცემს, თუ ამის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, მას ვერც იუსტიციის სახლს წარუდგენთ. თუმცა, არ იღელვოთ.

აქ იწყება მთავარი ამბავი! კანონიდან გამომდინარე, პირი (რომელსაც ერჩით) საკუთარ ქონებას ხელს ვერ ახლებს ამ 30 დღის განმავლობაში. მას არ ექნება შესაძლებლობა, განკარგოს თავისი ქონება. ვერც კი გაყიდის მას მანამდე, სანამ თქვენ მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი განცხადების წარმოების 30-დღიანი ვადა არ ამოიწურება.

ეს 4 ნაბიჯი არ წარმოადგენს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას პირის საკუთრებაზე. თუმცა, ნამდვილად ქმნის მის იდენტურ მდგომარეობას. ამ ხერხით საკუთრების უფლების შეზღუდვა შეუძლია ნებისმიერ პირს. ეს შესაძლოა, საფინანსო და პოლიტიკურ წრეებში ანგარიშსწორების, დაშინების, ზეგავლენის მოხდენის იარაღადაც იქცეს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული საბანკო სექტორი (ძირითადად, პრობლემური სესხების კანტორები) ხშირად წარმატებულად იყენებს ამ მექანიზმს ადამიანების ქონების „დასაკავებლად“. ამის მიზანი, ხშირად, ქონების ირიბად დარეზერვებაა, სანამ სასამართლო ყადაღის დადების გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთი გზით შეიძლება პირის დაშინებაც, იმ პირობებში, როდესაც მისი ქონების შეზღუდვა სასამართლოს მხრიდან დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

ბევრი მაგალითის წარმოდგენა შეიძლება, რატომ შეიძლება გაგიჩნდეთ ვინმეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ინტერესი. მაგალითად, წარმოიდგინეთ, იცით, რომ თქვენი ფინანსური კონკურენტი რაიმე ტიპის გარიგებაში შედის უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ არ გაძლევთ ხელს. რას აკეთებთ ასეთ დროს? – შეგიძლიათ ნებისმიერ მეგობარს სთხოვოთ, ხელი გაგიმართოთ და თქვენს კონკურენტს ქონება გარკვეული დროის განმავლობაში „გაუჩეროთ“.

ვადა ამოიწურა და ისევ გინდათ, პირს (რომელსაც ერჩით) საკუთრების განკარგვის უფლება შეუზღუდოთ? – არც ეგ არის პრობლემა. შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ იგივე ოპერაცია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 6 თებერვალს მართავს განმწესრიგებელ სხდომას აღნიშნულ საკითხზე. შემდგომში მან შესაძლოა, არსებითად განხილვა გააგრძელოს. N780 სარჩელში მოთხოვნილია საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ამბობს: „ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რიამე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

კომენტარები