საქართველოს პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა და რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჯ.-ისთვის პატიმრობა მოითხოვა.
"საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა. სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ 24 იანვარს, დაახლოებით, 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯ.-მ, რომელიც "მერსედესის" მარკის ავტომობილს მართავდა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, მის წინ თანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, სადაც დაეჯახა "ოპელის" მარკის ავტომობილსა და "მერსედესის" მარკის ავტომობილს.
ავტოავარიის შედეგად, "ოპელის" მარკის ტაქსიში მჯდომი სოფო ბ. ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე, დაშავდა კიდევ 3 მგზავრი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჯ. 3 თებერვალს დააკავა. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით). აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით.
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულისთვის პატიმრობა მოითხოვა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა




