რუსთავი 2-ის საქმე

ბაქრაძე რ2-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლაზე: საქმეს არ ჩავაფარცხინებთ

ნეტგაზეთი

პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ" რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების საქმიანობაში შესაძლო ჩარევის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქმის სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს საქმის "მიჩუმათებისა და ჩაფარცხვის" შესაძლებლობა, როგორც ეს წინა შემთხვევებში ხდებოდა.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უაღრესად საგანგაშო ფაქტის შესახებ, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას. რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პირველივე წუთებიდან ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ხელისუფლების ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ამას ადასტურებდა ის ისტორიები, რომლებიც ვიცოდით მოსამართლე ურთმელიძის დედის, შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თაობაზე. ამას ადასტურებდა პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოში და ის განცხადებები, რომელიც საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა გააკეთეს მათზე არსებული ზეწოლის შესახებ, რათა მომხდარიყო რუსთავი 2-ის სარჩელის გაჭიანურება, მაგრამ დღეს საზოგადოებამ პირველად შეიტყო პირდაპირ, უშუალოდ საქმის განმხილველი მოსამართლეებისგან დადასტურებული ფორმით მათზე წარმოებული ზეწოლის შესახებ. ეს არის უაღრესად საგანგაშო ფაქტი. ეს არის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოში ორ ფუნდამენტურ ღირებულებას - მედიისა და სასამართლოს თავისუფლებებს.  გუშინ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, მაგრამ თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიისა და სასამართლოს თავისუფლება, ნამდვილად გვერდზე დაგვრჩება ვიზებიც, ევროპაც და საერთოდ ნორმალური განვითარებაც. ამიტომ ეს არის ის საკითხი, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, და არა მხოლოდ ერთი რომელიმე ტელეკომპანიისთვის ან ერთი რომელიმე მოსამართლისთვის", - თქვა ბაქრაძემ.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის" პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, ასევე, ამბობს, რას მოიმოქმედებს თავად, როგორც საპარლამენტო უმცირესობა.

"ჩვენი მოთხოვნაა, მოხდეს ამ საქმის სრულფასოვანი გამოძიება საზოგადოებისთვის გასაგები და გამჭვირვალე გზით, არა ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევებში პროკურატურის მიერ, არავინ არ იცის, როგორ დასრულდა წინა შემთხვევებში მიმდინარე გამოძიებები.

- მივმართავთ პრეზიდენტს და ვთხოვთ, როგორც კონსტიტუციის გარანტს, ჩაერთოს ამ საქმეში და უშუალოდ მიადევნოს თვალყური მიმდინარე გამოძიების პროცესს

- ჩვენ თვითონ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, აუცილებლად შევხვდებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქმის კურსში ჩავაყენებთ მათ და ვთხოვთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ბოლომდე მიადევნონ თვალი ამ საქმეს.

- მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას, გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი შიდაპარტიული განსხვავება და ამ ფუნდამენტური თემის ირგვლივ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და ეს საკითხი იქნეს მთლიანად გამოძიებული", - თქვა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობა ასევე მოითხოვს, გამოძიების პროცესში პარლამენტი იყოს ჩართული და მიეწოდებოდეს ინფორმაცია. დეპუტატები ასევე აპირებენ შესაბამისი საპარლამენტო კომისიის ინიცირებას.

"ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საქმის მიჩუმათების და ჩაფარცხვის საშუალება, არ მივცეთ პროკურატურას საშუალება, რომ ამ საქმეზე რეაგირება არ მოხდეს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების მომავალს", - თქვა ბაქრაძემ.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კომენტარები