ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რურუა ქარდავას ინტერვიუზე: რა სისულელეა, ეგეთ ინტერვიუებს არ ვკითხულობ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ნიკა რურუა კომენტარს არ აკეთებს შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, მეგის ქარდავას განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული არ ხდებოდა.

ქარდავამ ეს განცხადება აფხაზეთის ხმასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია და ის სისტემურ პრობლემად წინა ხელისუფლების "ერთმა ჯგუფმა" აღიარა.

ნიკა რურუა ტაბულასთან ამბობს, რომ ასეთ ინტერვიუებს არ კითხულობს.

„რა სისულელეა, ეგეთ ინტერვიუებს არ ვკითხულობ რა. მაპატიეთ, ვერაფერ კომენტარს ვერ მოგცემთ“, - ამბობს რურუა.

ტაბულას კითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ციხეებში სისტემური ჩავარდნა იყო, რურუა პასუხობს:

„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, გასაგებია?“.

ტაბულა ესაუბრა ენმ-ის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ნუგზარ წიკლაურს. მისი თქმით, ინტერვიუ არ წაუკითხავს და არ იცის, დღეს წაიკითხავს თუ არა.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, ტაბულა ცდილობს მათთან დაკავშირებას. 

შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავასთან ინტერვიუ აფხაზეთის ხმამ გუშინ, 31 იანვარს გამოაქვეყნა. ქარდავა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე, მათ შორის, ციხის კადრებსა და ე.წ. კასრების საქმეზე საუბრობს.

კომენტარები