გიორგი ცერცვაძის დაკავება

ენმ იმ სამხედროების ვინაობის საჯაროობას ითხოვს, რომელთა მონაცემები რუსეთს გადაეცა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა. ამის შესახებ პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, ენმ პარლამენტში გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამასთან, მთავრობისგან იმ სამხედროების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რომელთა მონაცემებიც რუსეთს გადაეცა.

„მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენი კამპანია გრძელდება. მსგავსმა ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამიტომ, გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ ან ირიბად. მოვითხოვთ პარლამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის პარალელურად, ჩვენ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიბმართავთ და მოვითხოვთ, ქართველი სამხედროების წინაღმდეგ არ იქნას გამოცხადებული ძებნა, რადგან ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას რუსეთი სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს, თუმცა, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. კიევის საქალაქო სასამართლომ ქართველი ვიცეპოლკოვნიკი წინასწარ პატიმრობაში 40 დღით მოათავსა.

ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

ვიცეპოლკოვნიკმა გიორგი ცერცვაძემ კიევის საპატიმრო 26 იანვარს დატოვა.

კომენტარები