გიორგი ცერცვაძის დაკავება

დოლიძე ცერცვაძეზე: ჩართული ვიყავით, რათა დაცულიყო ჩვენი მოქალაქის უფლებები

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ უკრაინაში დაკავებულ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკრაინის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია ჰქონდა.

"როგორც კი წარმოიშვა ეს საკითხი, ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დონის მოხელეებს ჰქონდათ პირდაპირი კავშირი ჩვენს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. შესაბამისად, ინფორმირებული ვართ ამ საქმის განვითარების ეტაპებზე და იმედი გვაქვს და ჩართულებიც ვიყავით იმაში, რომ დაცული ყოფილიყო, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია მოითხოვს, ბატონი ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის, უფლებები", - თქვა დოლიძემ.

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში დღეს იმართება პროცესი, რომელზეც გიორგი ცერცვაძეს, დიდი ალბათობით, გაათავისუფლებენ. შესაბამისი დაპირება გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გასცა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი, საერთაშორისო კონვენციასთან ერთად, გახდა საქართველოს გენპროკურორ ირაკლი შოთაძისა და ოპოზიციონერ გივი თარგამაძის, ასევე უკრაინაში ქართველთა ლეგიონის მიმართვა.

ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები