გიორგი ცერცვაძის დაკავება

კიევის სააპელაციო სასამართლომ ცერცვაძის სასამართლო პროცესი გადადო

გიორგი ცერცვაძე

კიევის სააპელაციო სასამართლომ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პროცესი 3 თებერვლამდე გადადო.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ცერცვაძე დღევანდელ პროცესზე უნდა გაეთავისუფლებინათ. ამის პირობა გუშინ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დადო.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე ის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას რუსეთი სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს, თუმცა, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. კიევის საქალაქო სასამართლომ ქართველი ვიცეპოლკოვნიკი წინასწარ პატიმრობაში 40 დღით მოათავსა.

ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები