აშშ-მექსიკა

ტრამპის ადმინისტრაცია მექსიკისთვის 20%-იანი იმპორტის ტარიფის დაწესებას გეგმავს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი
Getty Images

თეთრი სახლი მექსიკისთვის 20%-იანი იმპორტის ტარიფის დაწესებაზე მუშაობს. იმპორტის ტარიფით მიღებული შემოსავალი აშშ-მექსიკის გამყოფ 2-ათასკილომეტრიან საზღვარზე კედლის აშენებას მოხმარდება. ამ გადასახადის დაწესებით აშშ პრაქტიკულად უარს ამბობს მექსიკასთან 1994 წელს გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (NAFTA). 

მექსიკის ექსპორტის 80% აშშ-ზე მოდის, ამ გადასახადის დაწესება კი ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის რისკის ქვეშ აყენებს.

2015 წელს მექსიკის ექსპორტი აშშ-ში $303 მილიარდი იყო, ამ თანხის 20% დაახლოებით $60 მილიარდია, ეს კი აშშ-მექსიკის გამყოფი ოთხი კედლის აშენებასაც ეყოფა (რესპუბლიკური პარტიის გათვლებით კედლის ღირებულება $15 მილიარდია).

CNN-თან ინტერვიუში ეკონომისტი ედვარდ ალდენი ამბობს, რომ 20%-იანი ტარიფის დაწესება ნიშნავს, რომ სინამდვილეში არა მექსიკა იხდის კედლის საფასურს, არამედ ამერიკელი მომხმარებლები, რომელთაც მთელი რიგი საქონელი ამ ტარიფის გაზრდის გამო გაუძვირდებათ. მექსიკური საქონლის გაძვირების გამო კი აშშ-ში ამ საქონლის მოხმარება შემცირდება. იმპორტის ტარიფი რიგ ამერიკულ კომპანიებსაც დააზარალებს, რადგანაც მექსიკური იმპორტის 40% მექსიკაში ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციაა. 

დონალდ ტრამპმა მექსიკასა და კანადასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) გადახედვისთვის აღმასრულებელი ბრძანება უკვე გამოსცა. ამავე ბრძანების მიხედვით, ტრამპი უარს ამბობს ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის (TPP) წევრობაზე, შექმნის შემთხვევაში ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იქნებოდა.

TPP-ის ჩამოყალიბებას ხელი 12-მა სახელმწიფომ მოაწერა, ესენია: აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მექსიკა, მალაიზია, პერუ, სინგაპური, ჩილე, ბრუნეი, ახალი ზელანდია და ვიეტნამი. ორგანიზაციას ჩამოყალიბებისთვის წევრი ქვეყნების რატიფიკაცია ესაჭიროებოდა.

შეთანხმების მიღწევაზე ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 5 წლის მანძილზე მუშაობდა. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს შეთანხმება "დამღუპველი" იქნებოდა აშშ-ის ეკონომიკისთვის.

კომენტარები