მექსიკისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეთანხმების შედეგად მექსიკამ აშშ-ს საზღვართან 10 000 სამხედროს გაგზავნა დაიწყო.
გასულ კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკისთვის ტარიფების დაწესების ბრძანებას ერთი თვით შეაჩერებს, სანაცვლოდ, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა პირობა დადო, რომ ფენტანილის კონტრაბანდის აღსაკვეთად საზღვართან სამხედროებს გაგზავნის.
"საზღვარზე მუდმივი დაზვერვა იქნება. ამ ოპერაციის მთავარი მიზანია, მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების, ძირითადად კი ფენტანილის კონტრაბანდა აღკვეთოს"– ამბობს მექსიკის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ლიდერი, ხოსე ლუის სანტოს იზა.
ამ ეტაპისთვის, საზღვართან 1 700-მდე სამხედრო გაიგზავნა, ხოლო ჯამში ეს რიცხვი 10 000-მდე უნდა გაიზარდოს.
აშშ-სა და მექსიკის პრეზიდენტებმა შეთანხმებას 3 თებერვალს, მექსიკის, კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწიეს.
დონალდ ტრამპის თქმით, ორი ქვეყანა 1-თვიან შეჩერებას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გამოიყენებს.
მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ ის კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა და რამდენიმე საათში კვლავ გაესაუბრება. კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ძალაში სამშაბათიდან შევა.
როგორც Reuters აღნიშნავს, აშშ-ს აქციები და სხვა გლობალური ფინანსური ბაზრები სანქციების სავარაუდო ამოქმედების წინ დაეცა.
კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფები ევროკავშირის წინააღმდეგაც დაწესდება, თუმცა, არ არის გადაწყვეტილი ზუსტად როდის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების თქმით, თუ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, ბლოკი საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად იქნება.