აშშ-მექსიკა

მექსიკამ კედლის აშენების დაფინანსებაზე უარს ამბობს, ტრამპი კი გადასახადს გაუზრდის

Getty Images

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ თუკი მექსიკა არ აპირებს კედლის მშენებლობის საფასურის გადახდას, მაშინ მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში 31 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი უნდა გადადოსო და იქვე აღნიშნა, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის სავაჭრო დეფიციტი დაახლებით 60 მილიარდი დოლარია.

"აშშ-ს და მექსიკას შორის სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდი დოლარია. NAFTA-ს შეთანხმება ყოველთვის ცალმხრივი იყო, უამრავი დაკარგული სამუშაოთი და კომპანიით. თუკი მექსიკას არ სურს, გადაიხადოს უკიდურესად აუცილებელი კედლისთვის, უკეთესი იქნება გადადოს მოსალოდნელი ვიზიტი", - წერს ტრამპი.

ამის შემდეგ, მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ში 31 იანვარს დაგეგმილი შეხვედრა გადადო.

"ჩვენ თეთრ სახლს ვაცნობეთ, რომ მომავალ სამშაბათს არ შევხვდები ამერიკის პრეზიდენტს", - დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

გუშინვე, თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ აშშ მექსიკიდან საქონლის იმპორტზე 20 %-იანი გადასახადის დაწესებას აპირებს. სპაისერისვე ცნობით, ამ გზით აშშ წელიწადში 10 მილიარდ დოლარამდე მოგებას ნახავს, რაც მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის საკმარისი იქნება.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იმპორტზე გადასახადის გაზრდის შემდეგ, მექსიკიდან აშშ-ში შესული საქონლის ფასიც გაიზრდება და გამოვა, რომ კედლის მშენებლობა ამერიკელი მომხმარებლის ჯიბიდან დაფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების განკარგულებას ხელი 25 იანვარს მოაწერა.

კომენტარები