გიორგი ცერცვაძის დაკავება

ლუცენკო: გიორგი ცერცვაძე გათავისუფლდება და რუსეთს არ გადაეცემა

fb.com

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდება და უკრაინა მას რუსეთს არ გადასცემს.

ლუცენკო Facebook-ზე წერს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი, საერთაშორისო კონვენციასთან ერთად, გახდა საქართველოს გენპროკურორ ირაკლი შოთაძისა და ოპოზიციონერ გივი თარგამაძის, ასევე უკრაინაში ქართველთა ლეგიონის მიმართვა.

„გუშინ პირადად ვესაუბრე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართულ კორპუსს, საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელ გივი თარგამაძეს. მათი მომართვა, ასევე საერთაშორისო კონვენციის ანალიზი, გვაძლევს საფუძველს არა მხოლოდ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან, არამედ სამომავლო გადაწყვეტილებისთვის, უარი ვუთხრათ რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანის გადაცემაზე, რომელიც ხელს უწყობდა უკრაინისა და საქართველოს თავდაცვას რუსეთის აგრესიისგან“, - წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.

გიორგი ცერცვაძის აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის დამადასტურებელი დოკუმენტი უკრაინის პროკურატურას ქართველთა ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გადაუგზავნა. დღეს მამულაშვილი ამბობდა, რომ ხვალიდენლ სასამართლო პროცესზე ცერცვაძის გათავისუფლების დაპირება მიიღო.

გიორგი ცერცვაძის გათავისუფლების გარანტია იური ლუცენკოსგან გუშინ გივი თარგამაძემაც მიიღო, თუ იარსებებდა მტკიცებულება, რომ ცერცვაძე აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა.

ვიცეპოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ამასთან, საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, რატომ გაატარეს ის საქართველოს გამშვებ პუნქტზე. ხელისუფლება მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები