სასამართლო რეფორმა

პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის შესახებ "მესამე ტალღის" საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო, - ამის შესახებ მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. საკანონმდებლო პროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაეგზავნება.

„პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. სასამართლო სისტემის რეფორმირება, მისი გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მინდა, საზოგადოებას მოვახსენო, რომ წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი, რომლის დანერგვაზეც და ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემულია მრავალი ასობით ათასი ლარი - მაგალითად, ასეთია საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემა. ამავე დროს, ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. გამომდინარე ამ პაკეტის და სასამართლოს რეფორმირების მნიშვნელობიდან, გადავწყვიტე, გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და, აგრეთვე, გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადებს. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებით, ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან. მიმაჩნია, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით, მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს“, - ამბობს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სთავაზობს:

1. მოხდება სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ; ყველა სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, თავად აირჩიოს თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებას, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.

2. ერთსა და იმავე პირს აღარ ექნება საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატის და კოლეგიის თავმჯდომარე.

3. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება არ მოხდება შემდგომ დანიშვნებზე.

4. კანონით დაზუსტდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.

5. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს ექნება საშუალება, წარმოდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს (თანამდებობის პირებს) აღარ ექნებათ საშუალება, იყვნენ საბჭოს წევრები.

6. დაზუსტდება კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვების და გავრცელების წესები.

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და პატრიოტთა ალიანსის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობამ მერვე მოწვევის პარლამენტს 2015 წელს წარუდგინა.

კომენტარები